Tbilisi Design Days ცნობილ არქიტექტორებსა და დიზაინერებს 2021 წლის გაზაფხულზე შეკრებს

გამოწერა
ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ სტუმრებსა და ადგილობრივ დიზაინერებს კონფერენციები, შეხვედრები, გამოფენები და მასტერ–კლასები ელოდებათ.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თბილისის დიზაინის დღეები (Tbilisi Design Days), რომელიც მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი და სხვა სფეროები, საქართველოს დედაქალაქში 2021 წლის გაზაფხულზე გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სამდღიანი კონფერენციები, რომელზეც მოწვეული სტუმრები და სპიკერები ანგარიშით წარდგებიან. აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები და არქიტექტორები. 

ევა ლალაევა–ედიბერიძე - Sputnik საქართველო
თბილისი მხატვარ ემა ლალაევა–ედიბერიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

„პროექტის მიზანი, პირველ რიგში, საქართველოს პოპულარიზაციაა, რადგან ვთვლით, რომ ჩვენს კულტურაში ბევრი საინტერესო რამ არის, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროს პროფესიონალების დაინტერესებას. ეს ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კუთხით, რამეთუ ახალგაზრდები პირდაპირი კომუნიკაციის გზით შეძლებენ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღებას“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ასევე მოსალოდნელია, რომ პროექტის ფარგლებში სტუდენტებისა და დამწყები დიზაინერებისთვის მასტერ–კლასები ჩატარდება. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა გამოფენებისა და შეხვედრების გამართვა. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფესტივალზე დასწრების საშუალება ექნებათ როგორც აღნიშნულ სფეროში დასაქმებულ, ისე უბრალოდ დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს.

„სურვილი გვაქვს, რომ თბილისი გახდეს ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების შეხვედრის ადგილი და გლობალური დიზაინის ნაწილი. ამ ღონისძიებით, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება, გვინდა, რომ თბილისი გავხადოთ რეგიონულ პლატფორმად, ერთგვარ კატალიზატორად, რომელიც ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

თავიდან პროექტის ავტორებმა – ქეთუნა ყრუაშვილმა და თამუნა ღვაბერიძემ თბილისის დიზაინის დღეების გამართვა ოქტომბერში დაგეგმეს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი 2021 წლის გაზაფხულისთვის გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0