20:40 09 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (771)
5310

„რეკვიემი“, ანუ სამგლოვიარო მარში – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უკანასკნელი, დაუსრულებელი ნაწარმოებია, რომელზეც იგი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. თბილისში, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე 7 მარტს გაიმართება ცნობილი კომპოზიტორისა და დირიჟორის ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი – საღამოზე მოცარტის „რეკვიემი" აჟღერდება.

დიად ნაწარმოებს შეასრულებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ჯანსუღ კახიძის ვაჟის ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.  

სოლისტები იქნებიან თინათინ მამულაშვილი (სოპრანო), ნანა ძიძიგური (მეცო სოპრანო), ზურაბ ნატროშვილი (ტენორი) და გიორგი გოდერძიშვილი (ბანი).

„რეკვიემი“, ანუ სამგლოვიარო მარში – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უკანასკნელი, დაუსრულებელი ნაწარმოები, რომელზეც იგი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. სამგლოვიარო, სულის მოსახსენებელი მესა ლათინურ ტექსტზეა დაწერილი. „რეკვიემი“ 12 ნაწილიდან შედგება, მათი შინაარსი – ეს არის სულის სიმშვიდისა და ხსნის ლოცვა და საშინელი სამსჯავროს სურათები.

ჯანსუღ კახიძე

ჯანსუღ კახიძე დაიბადა 1936 წელს ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საგუნდო დირიჟორობის ფაკულტეტი, 1963 წელს – ასპირანტურა საოპერო და სიმფონიური დირიჟორობის განხრით. სტაჟირება გაიარა საფრანგეთში იგორ მარკევიჩთან.

სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს საგუნდო კაპელის და თბილისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1971-1973 წლებში ხელმძღვანელობდა ოპერის თეატრს ლოძში (პოლონეთი). 1993 წელს დააარსა თბილისის ახალი სიმფონიური ორკესტრი და იყო მისი უცვლელი ხელმძღვანელი.

ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის მუსიკა უამრავი კინოფილმისთვის; შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდა გია ყანჩელთან – კახიძემ შეასრულა და ჩაწერა კომპოზიტორის ყველა სიმფონია. კახიძე გამოდიოდა საზღვარგარეთ: დირიჟორობდა ბავარიის რადიოს ორკესტრს, ლონდონის, ვაშინგტონის, ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის სიმფონიურ ორკესტრებს, ასევე მილანის ლა სკალას ორკესტრს. მისი სადირიჟორო ჯოხი ინახება ბუსეტოში, ჯუზეპე ვერდის სახლ-მუზეუმში.

ჯანსუღ კახიძე რამდენიმე ქართული ფილმის მუსიკის ავტორია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია „ლეგენდა სურამის ციხეზე“ (1984).

კახიძე გარდაიცვალა 2002 წლის 7 მარტს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს ხელმძღვანელობს მუსიკოსის ვაჟი, ასევე დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე.

თემები:
საქართველო და კულტურა (771)

მთავარი თემები