რატომ დაიმსახურეს კრიტიკა შოუ „დიდი სცენის“ კონკურსანტებმა?

© photo: Didi Scena / FBშოუ „დიდი სცენა“
შოუ „დიდი სცენა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს კვირა „რუსთავი 2“-ის შოუ „დიდი სცენის“ ახალგაზრდა მონაწილეებისთვის მართლაც მძიმე და ამაღელვებელი იყო.

ამჯერად კონკურსის მონაწილეებმა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის კომპოზიციები შეასრულეს. როგორც ცნობილია, ქართული სიმღერების შესრულება მარტივი არ არის, მით უმეტეს, საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

კრიტიკის თანხლებით

თიკო ღაჭავამ, რომლის გამოსვლამაც ერთი კვირის წინ ჟიურის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ამჯერადაც მსუბუქი კრიტიკა დაიმსახურა. გოგონამ შეასრულა სიმღერა „თბილისის ღამე“ და გიორგი წერეთელმა – ჟიურის ერთ-ერთმა ყველაზე მკაცრმა წევრმა აღნიშნა, რომ გამოსვლა მთლიანობაში ნორმალური იყო, თუმცა ხარვეზები მაინც ჰქონდა.

მაგრამ, კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად, ნაზმა ვოკალმა, რომანტიკამ და ღამის თბილისმა მსმენელი მაინც ასიამოვნა.

კვლავ შენიშვნები

ირაკლი კაპანაძემ სიმღერა „თოვს“ ორკესტრთან ერთად მელოდიურად შეასრულა. მაგრამ ჟიურიმ ირაკლის კვლავ სიმღერის კულმინაციის შესრულების მანერა და ინდივიდუალიზმი დაუწუნა.

ჩვენი აზრით, ბიჭმა მაინც ლამაზად იმღერა.

მაყურებელი საპირისპირო აზრისაა

შემდეგმა გამომსვლელმა ლუკა ჩაკვეტაძემ „ვარდები არ არიან“ იმღერა.

ალბათ იფიქრებთ, რომ რომანტიკული კომპოზიცია სიმპათიური ახალგაზრდის შესრულებით – ეს ის არის, რაც მაყურებელს სჭირდება. მაგრამ ჟიურის წევრები მსმენელს ყოველთვის ნიუანსებს უხსნიან. ამის მიუხედავად, კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მაყურებელი პროფესიონალებს ყოველთვის არ ეთანხმება.

სასიამოვნო ნამღერი

ცოტნე გელოვანმა მსუბუქი და ატმოსფერული სიმღერა „სად მიხვალ, პატარავ“ შეასრულა. სხვათა შორის, ჟიურის წევრის ნატო მეტონიძის კომპლიმენტებიც დაიმსახურა, მიუხედავად დანარჩენი წევრების შენიშვნებისა.

ყველაზე საგაზაფხულო სიმღერა

კონცერტი დასრულდა მარიამ ქაჯაიას სიმღერით „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“. ამჯერად, როგორც ჩანს, ის ყველაზე უკეთ გამოვიდა. უფრო ზუსტად, ყველაზე უკეთ იგრძნო თავი ქართული სიმღერის ჟანრში, რადგან ამის შესანიშნავი გამოცდილება აქვს.

კვირის ლიდერი ცოტნე გელოვანი გახდა. სწორედ მან მიიღო ყველაზე მაღალი ქულები და მაყურებლის ხმები. შოუს დატოვება კი ომა ფავორს მოუხდა.

რაც შეეხება აუტსაიდერებს, ამჯერად ყველაზე ნაკლები ქულა ლუკა ჩაკვეტაძემ და მარიამ ქაჯაიამ მიიღეს. რომელი მათგანი დატოვებს შოუს, მომავალ კვირაში გაირკვევა.

ყველა ახალი ამბავი
0