თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. Vetements-ის ჩვენება პირველად ჩატარდა წამყვანი ქართველი დიზაინერისა და დამფუძნებლის, დემნა გვასალიას გარეშე - თავისი პირმშოს დეფილეს ცნობილი კუტურიე სტუმრის სტატუსითაც არ დასწრებია.
ნახეთ როგორ ჩაერთო დემნა გვასალია ავსტრალიის ხანძრის ქველმოქმედებაში – ფოტოები >>
Vetements-მა პარიზის პუბლიკას წარუდგინა 2020-2021 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომამდე დიდი დროა, დიზაინერებმა უკვე ყველა დეტალი გათვალეს. ჩვენება პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. წარმოდგენილი იყო როგორც მამაკაცის, ისე ქალის კოლექცია.
როგორც ყოველთვის, Vetements-ის შოუ ეფექტური და ეპატაჟური გამოვიდა: ბევრი ბეწვი, ტყავი, უფორმო ქურთუკები და აბსტრაქტული თარგის სამოსი.
შოუს მთავარ მახასიათებლად იქცა ის ფაქტი, რომ ბრენდმა მოდელებად ჩვენებაზე მიიწვია „ყალბი ვარსკვლავები“. პოდიუმზე გაიარეს შერონ სტოუნის, სნუპ დოგის, კეიტ მოსის, ანჯელინა ჯოლის, ნაომი კემპბელის, მაიკ ტაისონისა და სხვათა ორეულებმა. თანაც მათი გარჩევა ნამდვილი ვარსკვლავებისგან საკნაოდ რთული იყო.
რაც შეეხება „ბალენსიაგას“, 2020-2021 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციას დემნა 24 თებერვლიდან 3 მარტამდე, პარიზის მოდის კვირეულზე წარადგენს.
დღესვე „ფეისბუქის“ გვერდზე დემნამ დაწერა, რომ 1968 წლიდან პირველად „ბალენსიაგა“ „მაღალი მოდის“ სამყაროში ბრუნდება. როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ ახლა „ბალენსიაგა“ სამოსის თითო ეგზემპლარის შექმნაზე იქნება ორიენტირებული. სამოსის სულ მცირე 70% ხელით დამზადდება.
Vetements-იდან წასვლის შესახებ, რომელიც დემნამ თავის ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად 2014 წელს დააარსა, დიზაინერმა 2019 წლის სექტემბერში განაცხადა.