საქართველოში საყვარელი მეფის, პატარა კახის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

© Pixabayერეკლეს ქანდაკება თელავში
ერეკლეს ქანდაკება თელავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერეკლე მეორემ დიდი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. ხალხი მას მოფერებით პატარა კახს უწოდებდა. ღონისძიებები თბილისსა და თელავში გაიმართება.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ქართველი მეფის ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლისთავი, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ეროვნული არქივის ინიციატივით, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ერეკლე მეორემ დიდი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. ხალხი მას მოფერებით პატარა კახს უწოდებდა. მის განსაკუთრებულ დამსახურებათა შორისაა მუდმივმოქმედი ქართული ჯარის დაფუძნება, საქართველოს უკაცრიელი რაიონების დასახლება, თბილისსა და თელავში სკოლებისა და სემინარების დაფუძნება.

ისტორიული ანალები - Sputnik საქართველო
როცა მეფის სიტყვას ნოტარიუსი სჭირდება, ანუ გატეხილ ფიცს შეწირული ქართველობა

დღეისათვის ეროვნული არქივის ფონდებში ერეკლე მეორის ეპოქის ამსახველი 1800-ზე მეტი დოკუმენტია შენახული. მათ შორისაა იშვიათი საქმიანი და პირადი წერილები, შეწყალებისა და შემოწირულობების ბრძანებები, საქართველოს სამხედრო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ქრონიკის მასალები.

საინტერესო ისტორიულ დოკუმენტებთან ერთად არქივის კოლექციებში ინახება ერეკლე მეორის მმართველობასთან დაკავშირებული ხელნაწერები, რარიტეტული გამოცემები და სხვა საარქივო დოკუმენტები.

დიდ იუბილესთან დაკავშირებით 2020 წელს არქივი გამოფენების ჩატარებას გეგმავს თბილისისა და თელავის ისტორიულ მუზეუმებში.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
რისთვის გაყიდა ერეკლე მეორემ სამეფო ძვირფასეულობა: მოწყურებული რევანში

ამასთან, იგეგმება 2008 წელს ეროვნული არქივის მიერ გამოცემული წიგნის „ერეკლე II-ის საბუთები" განახლებული და შევსებული ვერსიის გამოქვეყნება, სადაც ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებთან ერთად შევა სხვადასხვა აკადემიურ დაწესებულებაში დაცული ისტორიული საბუთები. ასევე გამოიცემა ალბომი „ერეკლე მეორე", რომელიც მეფესთან დაკავშირებულ დღემდე მოღწეულ წერილობით წყაროებსა და მემორიალურ ნივთებს გააერთიანებს, აღნიშნავენ ეროვნულ არქივში.

საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართება მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, ტენდენციები და გამოწვევები", სადაც ერეკლე მეორის 300 წლის იუბილეს სპეციალური სექცია მიეძღვნება. აგრეთვე გაიმართება სპეციალური სამეცნიერო სესია.

ასევე დაგეგმილია ერეკლე მეორის მიერ გაცემული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგის მომზადება და პრეზენტაცია; საჯარო ლექციები, ფეისბუქ-აქტივობები და საიმიჯო პროდუქციის დამზადება.

ყველა ახალი ამბავი
0