თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ქართველმა საოპერო მომღერალმა სალომე ჯიქიამ მონაწილეობა მიიღო ცნობილი ამერიკელი რეჟისორის მარტინ სკორსეზეს ახალ დოკუმენტურ ფილმში „ორატორია" (The Oratorio). ამის შესახებ მომღერალმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
ფილმის პრემიერა იანვრის ბოლოს არის დაგეგმილი. ამერიკულ-იტალიური პროექტის ფარგლებში გადაღებები ნიუ-იორკში, წმინდა პეტრეს ტაძარში 2019 წელს მიმდინარეობდა.
„მარტინ სკორსეზეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც თვის ბოლოს გამოდის. მეც მქონდა პატივი მიმეღო ამ პროექტში მონაწილეობა კალიარის თეატრის მეშვეობით", – წერს ჯიქია.
სალომე ჯიქია 1986 წელს ზუგდიდში დაიბადა. 2010 წელს თბილისის კონსერვატორია დაამთავრა საფორტეპიანო განხრით. იმავე წელს დაიწყო ვოკალის სწავლა. 2013-2014 წლებში ვოკალური ხელოვნება რომში, სანტა ჩეჩილიას ეროვნულ აკადემიაში დახვეწა.
მარტინ სკორსეზეს ფილმი დიდი ხნის დავიწყებულ ისტორიაზე გვიამბობს, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ნიუ-იორკის კულტურული ლანდშაფტი. ესაა 200 წლის წინ ორატორიის შექმნა „პატარა იტალიაში".
სკორსეზე იკვლევს საზოგადოების ჩამოყალიბებაში იმიგრანტების როლს – მათმა ხელოვნებამ და კულტურამ მთელ ერზე მოახდინა გავლენა. ფილმში ჩართულია მოთხრობები გამოჩენილი პიროვნებების შესახებ.