ახალი პროექტი და ახალი სახეები: ქართულმა შოუმ „დიდი სცენა“ მაყურებელი მოხიბლა

© photo: Didi Scena / FB ქართული შოუ - „დიდი სცენა“
 ქართული შოუ - „დიდი სცენა“  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი მუსიკალური შოუ – „დიდი სცენა“ დაიწყო. პროექტმა თავიდანვე მიიქცია მაყურებლის ყურადღება ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ნიჭიერი შემსრულებლებით.

პროექტზე გამოვიდა ათობით საუკეთესო კონკურსანტი, რომლებიც ჟიურის წევრებმა შეარჩიეს. ჟიურის წევრები შემსრულებლებს 10-ქულიანი სისტემით აფასებენ. ამასთან, პროექტის მონაწილეთა ბედის გადაწყვეტა მაყურებელსაც შეუძლია. რჩეულისთვის ხმის მიცემა უფასოა, მაგრამ მხოლოდ კონცერტის დროს და ერთხელ.

„Sputnik-საქართველო“ „დიდი სცენის“ კონკურსანტებს, კერძოდ, პირველი საკონცერტო საღამოს 5 საუკეთესო გამომსვლელს გაგაცნობთ. 

ირაკლი კაპანაძე

შოუ გახსნა ირაკლი კაპანაძემ Сoldplay-ს სიმღერით Fix You. იმის მიუხედავად, რომ ირაკლი პირველი გამომსვლელი იყო და მის წინაშე რთული ამოცანა იდგა, იგი მას შესანიშნავად გაუმკლავდა.

ჟიურის წევრებმა ნატო მეტონიძემ და სალიომ კონკურსანტი 10-10 ქულით შეაფასეს. გიორგი ცაგარელმა კაპანაძეს 8 ქულა დაუწერა, ერეკლე დეისაძემ – 9 ქულა.

ომა ფავორი

შემდეგი ჩვენს სიაში ნიგერიელი ომა ფავორია, რომელსაც მაყურებელი ჯერ კიდევ შესარჩევი ტურიდან იცნობს. გოგონამ შეასრულა სიმღერა Artificial Love, რომელმაც ჟიურის წევრების მოწონება დაიმსახურა.

ფავორმა საკმაოდ მაღალი ქულები მიიღო: ნატო მეტონიძემ და სალიომ კონკურსანტს 10-10 ქულა დაუწერეს, გიორგი ცაგარელმა და ერეკლე დეისაძემ – 9-9 ქულა.

ცოტნე გელოვანი

ცოტნე გელოვანი – კიდევ ერთი ქარიზმატული კონკურსანტია, რომელიც არ შეუშინდა ცნობილი სიმღერის How Deep is Your Love ახალი ვერსიის შესრულებას. კომპოზიცია გელოვანის შესრულებით კიდევ უფრო მსუბუქი, ჰაეროვანი და სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა.

სიმღერა ჟიურის მოეწონა. ცაგარელმა აღნიშნა, რომ გელოვანი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა და ზოგიერთი ნოტი ძალიან „ჭკვიანურად“ აიღო. შედეგად ბიჭმა 36 ქულა დაიმსახურა.

ქეთა ჭიჭინაძე

ქეთა ჭიჭინაძე არა მხოლოდ ვოკალური, არამედ ვიზუალური მონაცემებითაც გამოირჩევა. მან სიმღერისთვის Why ჟიურის წევრების მაღალი ქულები დაიმსახურა. ყველა მათგანმა კონკურსანტს 10 ქულა დაუწერა.

ლუკა ჩაკვეტაძე

პირველი კონცერტი დახურა ლუკა ჩაკვეტაძემ, რომელიც ადრე სხვა ვოკალურ კონკურსებშიც მონაწილეობდა. ამიტომ ქართველ მაყურებელს ის შეიძლება ახსოვდეს.

მან ძალიან ლამაზად შეასრულა ემოციური სიმღერა Say Something. ჟიურის წევრებმა მისი გამოსვლა 35 ქულით შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად არც ერთ კონკურსანტს არ დაუტოვებია შოუ, რადგან კონცერტი პირველი იყო. თუმცა მაყურებელთა და ჟიურის წევრთა ხმები მაინც დათვალეს. მაყურებელთა ყველაზე მეტი ხმა ცოტნე გელოვანმა მიიღო.

ამჟამად კონკურსში „დიდი სცენა“ ბრძოლას ათივე კონკურსანტი აგრძელებს: მარიამ ქაჯაია, ომა ფავორი, ცოტნე გელოვანი, ქეთა ჭიჭინაძე, ანანო ჩიტაიშვილი, ირაკლი კაპანაძე, ლუკა ჩაკვეტაძე, ლაშა გუჯაბიძე, ზურაბ მარგიშვილი და თიკო ღაჭავა.

ყველა ახალი ამბავი
0