საქართველოს საუკეთესო მზარეულს „მასტერშეფი“ 1 იანვარს გამოავლენს

© photo: Masterchef Georgia / FBტელეშოუ „მასტერშეფი“
ტელეშოუ „მასტერშეფი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის პირველ დღეს საინტერესო სიახლე გველის - რეიტინგული რეალითი შოუ „მასტერშეფის“ გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა

თბილისი, 23 დეკემბერი - Sputnik. დრომ ისე სწრაფად გაირბინა, რომ პოპულარული კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ მეორე სეზონი უკვე დასასრულს მიუახლოვდა და მკაცრმა ჟიურიმ სამი ფინალისტი გამოავლინა.

ანუკი არეშიძე „მასტერშეფში“ მონაწილეობას აპირებს? –ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს მაკა კვიციანი >>

მაგრამ ბედნიერი სამეულის შერჩევამდე თითოეულმა შეფმზარეულმა ნახევარფინალისტებს საინტერესო დავალება მისცა. მონაწილეებს უნდა დაეგემოვნებინათ შეფის კერძი, გამოეცნოთ მომზადების ტექნიკა და მოემზადებინათ მსგავსი კერძი თავიანთი ინტერპრეტაციით.

პირველი დავალება კონკურსანტებს შეფმზარეულმა ლუკამ მისცა - ქერის ფაფა თევზითა და მარწყვით.

შეფ კონსტანტინემ გადაწყვიტა კონკურსანტების გაოცება სტაფილოს წვნიანით, სტაფილოს დესერტითა და სტაფილოს წვენით.

შეფ ლევანმა კი მონაწილეებს შესთავაზა მარტივი ეროვნული კერძის - ტყემლით მომზადებული ჭარხლის - იმპროვიზებული ვარიანტი.

შოუს მონაწილეები შემოქმედებითად მიუდგნენ დავალების შესრულებას და ძალა არ დაიშურეს დახვეწილი გემოსი და ვიზუალის კერძის მოსამზადებლად.

სამი კონკურსის შემდეგ საუკეთესო სამეული გამოვლინდა - ნუცა სურგულაძე, გაგა ვარდანიძე და დიმუ მენაბდე.

სამწუხაროდ, პროექტი დატოვა მართამ, რომელიც ბოლო კერძის მომზადებისას, როგორც თავად აღნიშნა, ცოტა არ იყოს, დაიღალა. მან დასძინა, რომ დარჩენილმა სამმა მონაწილემ ფინალში ყოფნა ნამდვილად დაიმსახურა.

როგორც წინა სეზონში, შოუს მონაწილეების პროფესიონალიზმს აფასებენ საქართველოს კულინარიული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რესტორან „შეფის ბებიის“ დამფუძნებელი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, შეფმზარეული კონსტანტინე თედელური და კულინარიული აკადემიის ლექტორი, შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია.

კონკურსის ფინალი 2020 წლის 1 იანვარს, 21:00 საათზე გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0