თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საფრანგეთში, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ — 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.
საფრანგეთში ვიზიტის დროს გიორგი კეკელიძემ შეხვედრა გამართა ლევილის მმართველთა საბჭოს წევრ ირენ ციციშვილთან და ასოციაცია „ქართული კერის“ ვიცე-პრეზიდენტ ელისო ტარასაშვილთან. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საკუთარ საზღვრებს გააფართოებს და ლევილის ისტორიულ მამულში ეროვნულ ბიბლიოთეკას მოაწყობს.
„ბიბლიოთეკა ორი დარბაზისგან იქნება შედგენილი. ერთი – პირველი ემიგრაციის მიერ დატოვებული ლიტერატურული ფონდი და მეორე – დიდი ქართული ბიბლიოთეკა“, – დაწერა გიორგი კეკელიძემ Facebook–გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში გიორგი კეკელიძემ ცენტრ „ლაზებს“, რომელიც საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების მიერ დაარსებული ქართული კულტურის კიდევ ერთი კერაა, ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები გადასცა.
საფრანგეთში ლევილის მამული საქართველოს 2016 წელს გადმოეცა. მისი საქართველოსთვის გადაცემა ჯერ კიდევ 2011 წელს გადაწყდა.