თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელზეც გუშინ რუსმა სენატორმა გრიგორი კარასინმა ისაუბრა, თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრთან გაიხსნება.
Sputnik-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ახლა პრაღაში იმყოფება, განმარტა, რომ საგანმანათლებლო კურსების გახსნა რუსეთის სავიზო ცენტრთან იგეგმება.
„ჩვენ შეხვედრაზე ბატონმა კარასინმა მცირედი კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი წლის წინ გახსნილი რუსეთის სავიზო ცენტრი – რუსეთის ფედერაციაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამცემი და კომერციული სტრუქტურა – გეგმავს რუსული ენის შემსწავლელი კურსების გახსნას. როგორც გავიგე, კურსი ასევე კომერციული იქნება“, – აღნიშნა აბაშიძემ და დასძინა, რომ მუშაობის დაწყების თარიღია დეკემბერი.
„მე ვუპასუხე, რომ როდესაც საქართველოში დავბრუნდები, შევეცდები უფრო დეტალური ინფორმაცია შევიტყო. ამ ეტაპზე ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. ხვალ თბილისში ვიქნები და დეტალებზე ვისაუბრებ“, – აღნიშნა აბაშიძემ.
„Sputnik-საქართველოს“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ცენტრის გახსნისათვის მზადება რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. ამ კურსებზე რუსულ ენას შეასწავლიან.
ცენტრში მიწვეული არიან სპეციალისტები, რომელთაც საკვალიფიკაციო კურსი აქვთ გავლილი და ფლობენ რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის საერთაშორისო სერტიფიკატს. მსურველებს შეუძლიათ როგორც უშუალო, ისე დისტანციური სწავლის მეთოდის არჩევა. ენის დისტანციურად შესწავლის შემთხვევაში სასწავლო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ რუსული ენის ფაკულტეტის წამყვანი პედაგოგები.
წელს თბილისში უკვე ორგანიზებულია „უმაღლესისთვის მომზადების“ საკვალიფიკაციო კურსები.
გრიგორი კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოში წლის ბოლო თვეს დაგეგმილი კულტურული ხასიათის ღონისძიება რუსების მონაწილეობით ინციდენტების გარეშე ჩაივლის“.
როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლიდან გაწყვეტილია.