ვინ გაემგზავრება „ევროვიზია 2020"-ზე: გამოვლინდა პროექტის ფინალისტების ვინაობა

© photo : Pop Idol Georgia / FB საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტები
საქართველოს ვარსკვლავის ფინალისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუკეთესო ათეულში არიან ანრი გუჩმანიძე, თორნიკე ყიფიანი, ბარბარე სამხარაძე, მერაბ ამზოევი, მარიამ შენგელია, ნიკა კალანდაძე, თამარ კაკალაშვილი, დავით რუსაძე, ლიზა შენგელია და მარიამ გოგიბერიძე.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. პოპულარული მუსიკალური შოუს „საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიმ, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში ჩატარებული სამი მკაცრი სატელევიზიო კასტინგის შემდეგ, ფინალისტების ათეული დაასახელა, რომლებიც „ევროვიზია 2020"-ის საგზურის მოსაპოვებლად გააგრძელებენ ბრძოლას.

ევროვიზია - Sputnik საქართველო
„ევროვიზია 2020": საქართველოში კონკურსანტის შესარჩევი კასტინგი 26 ოქტომბრიდან იწყება

ჟიურის რჩეულთა ნახევარზე მეტი ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობია – რამდენიმე მათგანმა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში სცადა ბედი და ტრიუმფალური გამარჯვებაც მოიპოვა.

საუკეთესო ათეულში მოხვდნენ: ანრი გუჩმანიძე და თორნიკე ყიფიანი (ქართული X Factor-ის მონაწილეები), ბარბარე სამხარაძე (2016 წლის პროექტ „ნიჭიერის" გამარჯვებული), მერაბ ამზოევი და მარიამ შენგელია (2017 წლის X Factor-ში გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ), მომღერალ ლიზა კალანდაძის ტყუპისცალი და ნიკა, გორის ქალთა გუნდის სოლისტი თამარ კაკალაშვილი, მუსიკოსები დავით რუსაძე, ლიზა შენგელია და მარიამ გოგიბერიძე.

ჟიურის ქალ წევრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა 27 წლის მერაბ ამზოევმა, რომელმაც სიმღერა Rag"n bone man – Skin შეასრულა. პირველივე სტროფის შემდეგ ნათელი იყო, რომ მერაბს ათეულში ადგილი გარანტირებული ჰქონდა.

წელს „საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. კერძოდ, პროექტი მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა და ხმის ჩამწერი სტუდია "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ დატოვეს. მათ ნაცვლად The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებულ ნათია თოდუასთან და მედიისა და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორ თინათინ ბერძენიშვილთან ერთად არიან პიანისტი და ტელეწამყვანი დათუნა ალადაშვილი და კომპოზიტორი და პიანისტი დათო ევგენიძე.

შოუ კვლავ ენერგიულ მსახიობსა და ტელეწამყვან რუსკა მაყაშვილს მიჰყავს.

საქართველოს ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
საქართველოში „ევროვიზია 2020"-ისთვის შესარჩევი ტურები იწყება

16 ნოემბრიდან ყოველ შაბათს პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. ლაივ-კონცერტების დროს საკუთარი ფავორიტისთვის ხმის მიცემას, ტრადიციულად, ტელემაყურებელიც შეძლებს.

შოუს გამარჯვებული „ევროვიზია 2020"-ზე გაემგზავრება, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში გაიმართება. კონკურსის გამართვის უფლება ნიდერლანდებმა 2019 წელს გამართულ კონკურსზე დუნკან ლოურენსის (სიმღერა Arcade ) გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, რომელიც თელ-ავივში გაიმართა.

გასული სეზონის გამარჯვებული მომღერალი ოთო ნემსაძე გახდა, რომელმაც საქართველო „ევროვიზია 2019"-ზე წარადგინა სიმღერით "სულ წინ იარე".

2020 წელს „ევროვიზიის" ნახევარფინალები 12 და 14 მაისს, ფინალი კი 16 მაისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0