„ვარსკვლავების სახლი": თბილისის ღამის ცხოვრება ახალგაზრდა ფოტომხატვრების ობიექტივში

გამოწერა
გამოფენაზე სტუმრები იხილავენ არა მხოლოდ ფოტოებს, არამედ ასევე ორიგინალურ ვიდეოინსტალაციებსა და პერფორმანსებს.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ვარსკვლავების სახლი" (House of Stars) ორი თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფის დარო სულაკაურისა და ჰიტორი ნის მეშვეობით მოგვითხრობს თბილისის ღამის კლუბური ცხოვრების შესახებ. გამოფენა „უსახელო გალერეაში" (Untitled Gallery) პარასკევს, 8 ნოემბერს იხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ფოტოები, არამედ ორიგინალური ვიდეოინსტალაციები, ხელოვანთა პერფორმანსები.

ახალგაზრდა ფოტომხატვრები თავიანთ ნამუშევრებში მოგვითხრობენ ქართველი ახალგაზრდობის თავისუფლების სივრცეზე და დედაქალაქის კლუბური ცხოვრების საინტერესო ნიუანსებზე.

„ათ წელზე მეტია, რაც თბილისის კლუბები გადაიქცა არა მხოლოდ მუსიკის მოსასმენ ან გასართობ ადგილად, არამედ უსაფრთხო სივრცედ თანასწორობისთვის და თავისუფლებისთვის. საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის კავკასიიდან ეს ადგილები გახდა მეორე სახლი, სადაც აქვთ შესაძლებლობა ღიად გამოხატონ საკუთარი თავი ან უბრალოდ განიტვირთონ დაკავებული კვირის ბოლოს", – აღნიშნავენ გამოფენის ორგანიზატორები.

აღსანიშნავია, რომ ფოტოგრაფები ასევე სწავლობენ მუსიკისა და ცეკვის როლს ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში.

ჰიტორი ნი თბილისელი თვითნასწავლი ფოტოგრაფის ომარ გოგიჩაიშვილის ფსევდონიმია. თავის შემოქმედებაში ის ძირითად ყურადღებას უთმობს ქართველი ახალგაზრდობის კულტურასა და სუბკულტურას, ღამის ცხოვრებას, სექსუალურ ესთეტიკას, ტკივილის, სიკვდილის, სიყვარულის გრძნობებს, ოცნებებს.

ჰიტორი ნის პროექტები მოიცავს ფოტოებს, ორიგინალურ განათებას, ვიდეოექსპერიმენტებს, ცეკვებს, შესრულების მხრივ რთულ პერფორმანსებს. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალზე „ქოლგა".

დარო სულაკაური ნიუ-იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულია. არის მრავალი პრემიის ლაურეატი და საგრანტო პროგრამების გამარჯვებული. დაროს ნამუშევრები PDN-ის მიერ დასახელებული იყო იმ 30 ფოტოგრაფს შორის, რომლის ნამუშევრებიც უნდა ნახო; მისი ნამუშევრები გამოიცა წიგნში „ამერიკის ფოტოგრაფია 25"; მისი პროექტები შეგხვდებათ გამოცემებში NatGeo, Forbes (USA), Mother Jones, Sunday Times, New York Times Lens, The Economist, Bloomberg და სხვ.

ფოტოგამოფენა 15 ნოემბრამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0