თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ათი საუკეთესო მზარეული, რომელიც საქართველოს უძლიერესი კულინარის წოდებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ რეიტინგულ შოუ „მასტერ-შეფში" უკვე გამოვლინდა.
შესარჩევი ტურის 20-ზე მეტ მონაწილეს არცთუ მარტივი დავალება ჰქონდა – იტალიური პასტის ქართული გემოებით მომზადება. ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა კრევეტებმა არყის სოუსით, შებოლილმა სულუგუნის ყველმა პიტნისა და „საფერავის" ღვინის სოუსით, ასევე გოგრისა და ნუშისგან მომზადებულმა სოუსმა.
კერძებში ახალ და ორიგინალურ გემოებს ეძებდნენ ჟიურის წევრები კონსტანტინე თედელური, ლევან კობიაშვილი და ლუკა ნაჭყებია.
საუკეთესო ათეულში ძირითადად ახალგაზრდები, თუმცა გამოცდილი კულინარები შევიდნენ. ჟიურიმ პირველად პროექტის ფავორიტის – პიტოს (თბილისი) სახელი დაასახელა. ფინალისტებს შორის მოხვდა მოდის ექსპერტი, ქართველი მკითხველისთვის კარგად ცნობილი დალი ჩიტალაძე.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა ბათუმელი ეთნო-მზარეული ხათუნა სალუქვაძე, რომელმაც სპეციალურად კონკურსისთვის აჭარიდან ზღვის წყალი ჩამოიტანა – სალუქვაძე მას ზღვის პროდუქტების მომზადებისას იყენებს. საუკეთესოთა შორის ასევე ვერ მოხვდა თბილისელი მიშა კაზარიანი, რომელმაც შესარჩევ ტურში ჟიური შავი ხინკლით მოხიბლა.
„მასტერ-შეფის" პირველი სეზონი 2019 წლის 18 მაისს დაიწყო და მაყურებლის მოწონება მალევე მოიპოვა. მაშინ შოუს მონაწილეთა შესარჩევ კასტინგში 70-მდე კულინარი მონაწილეობდა.
როგორც გასულ სეზონზე, ამჯერადაც შოუს მონაწილეებს აფასებენ საქართველოს კულინართა ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რესტორან „შეფის ბებიის" დამაარსებელი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური და კულინარიის აკადემიის ლექტორი, შეფ-მზარეული ლუკა ნაჭყებია.