თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ქართული თანამედროვე ლიტერატურის კლასიკოსის, მწერალ გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მწერალთა სახლმა საქართველოს სკოლების უფროსკლასელებისთვის ახალი ლიტერატურული კონკურსი გამოაცხადა, ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს.
ლიტერატურული კონკურსის მონაწილეებისთვის შეთავაზებულია სამი თემა მწერლის შემოქმედებიდან. ესენია: კარცერი-ლუქსი - ოცნება წიგნის მოყვარულთათვის („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"), გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე („ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები"), ჩემი საყვარელი ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან.
არაუმეტეს 1000-სიტყვიანი (ხუთი გვერდი) საკონკურსო ესე მოსწავლეებმა უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე nbekishvili@writershouse.ge. ნამუშევრების მიღების ბოლო დღეა 10 დეკემბერი. კონკურსანტების ნაწარმოებებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში მწერალთა სახლის თანამშრომლები იქნებიან.
გამარჯვებულებს სამი პრემია გადაეცემა - წიგნის მაღაზია „ბიბლუსის" ვაუჩერები: I პრემია - 500 ლარი, II პრემია - 300 ლარი და III – 200 ლარი.
„გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მათი ღამისთევა. დაჯილდოება გაიმართება დეკემბრის ბოლოს მწერალთა სახლში", - აღნიშნულია კონკურსის ორგანიზატორების განცხადებაში.
გურამ დოჩანაშვილი თანამედროვე ქართული პროზის ძალზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. დაიბადა 1939 წელს. მკითხველისთვის ცნობილია მისი ნაწარმოებები: „სამოსელი პირველი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", „ხორუმი ქართული ცეკვაა" და სხვა.
დოჩანაშვილი: ღვთის სიყვარული არის უდიდესი თავისუფლების მომტანი>>
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.