თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. სხვადასხვა ღვინო, ჭაჭა და ვისკი - ათობით ყურძნის ჯიშისგან საავტორო რეცეპტებით დამზადებული ალკოჰოლური სასმელები იქნება წარმოდგენილი დღეს კახეთში ფესტივალზე Gurjaani Wine Festival 2019, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.
რიგით მესამე ღვინის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან 200-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბება. საუბარია მსხვილ და საშუალო ღვინის ქარხნებზე, ასევე მცირე, საოჯახო მარნებზე.
რა თქმა უნდა, ასევე იქნება წარმოდგენილი ეთნოგრაფიული ექსპოზიციები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალის სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ მასტერ-კლასებში - ამოავლებენ ჩურჩხელებს, დაწურავენ ყურძენს. ასევე გაიმართება სპორტული შეჯიბრებები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური პავილიონები, რომელიც სტუმრებს გააცნობს ქართულ კულინარიასა და ქვეყნის ისტორიას.
საღამოს, 17:00 საათზე სტუმრებს ელის გალა-კონცერტი თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ მონაწილეობით.
ფესტივალი გურჯაანში ახტალის პარკში გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ღონისძიებას გააჩნია უზარმაზარი მნიშვნელობა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მისი რეალიზაციისთვის უცხოურ კომპანიებს შორის.
Gurjaani Wine Festival ტარდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით.
ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ წელს ფესტივალი თავისი სიკაშკაშით შარშანდელ ფესტივალზე ნაკლები არ იქნება.