თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. გამოფენა სახელწოდებით „ანტიკური რომის ფერები, მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 10 ოქტომბერს გაიხსნა და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია მუზეუმის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმის, მოცულობისა და შეფერილობის 20-ზე მეტი მოზაიკა. ექსპონატები აღმოჩენილი იქნა რომში და ძვ.წ.აღ-მდე II ს-დან ახ.წ. IV ს-მდე პერიოდით თარიღდება.
„ამ ნამუშევრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა დამკვეთების გემოვნება და მოდა რომის რესპუბლიკური ხანიდან გვიანდელი იმპერიის პერიოდამდე. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა, იხილოს ყველანაირი ტექნიკის ნიმუში და მრავალფეროვანი დეკორატიული მოტივები, აღმოაჩინოს ანტიკური ხელოვნების სიახლოვე თანამედროვე ხელოვნებისა და გრაფიკული დიზაინის კონცეფციებთან“, – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები წარმოადგენს კაპიტოლიუმის იმ კოლექციის ნაწილს, რომელიც შეგროვდა XIX საუკუნის ბოლოდან XX საუკუნის პირველ წლებამდე, მას შემდეგ, რაც რომი კვლავ იტალიის სამეფოს ახალ დედაქალაქად გამოცხადდა. სწორედ მაშინ დაიწყო ქალაქში მასშტაბური მშენებლობები და გათხრები.
გამოფენა საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.