საბავშვო ევროვიზია 2019: სიმღერის კლიპი, რომლითაც საქართველო კონკურსზე წარდგება

© photo: Ranina / FB გიორგი როსტიაშვილი
გიორგი როსტიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლიპის რეჟისორია ცნობილი ქართველი კლიპმეიკერი ზაზა ორაშვილი, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. სიმღერის „გვინდა გვიყვარდეს" კლიპის პრეზენტაცია, რომლითაც სიმღერის ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე "საბავშვო ევროვიზია 2019" საქართველოს 12 წლის გიორგი როსტიაშვილი წარადგენს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შედგა.

კლიპის რეჟისორია ცნობილი ქართველი დამდგმელი რეჟისორი და კლიპმეიკერი ზაზა ორაშვილი, რომელიც ბოლო წლების როგორც საბავშვო, ისე მოზრდილთა კონკურსებში საქართველოს წარმომადგენელთა კლიპების ავტორია, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია. კლიპში გიორგისთან ერთად მონაწილეობენ „პირველი არხის" საბავშვო ვოკალური შოუ „რანინას" კონკურსანტები. სწორედ ამ პროექტში გამარჯვებით მიიღო გიორგიმ „ევროვიზიის" სცენაზე საქართველოს წარდგენის პატივი.

წელს Junior Eurovision Song Contest პოლონეთის ქალაქ გლივიცეში, Arena Gliwice-ს სცენაზე 24 ნოემბერს გაიმართება. კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი როსტიაშვილი კახეთიდანაა, საგარეჯოს რაიონიდან. მუსიკის სამყაროში ბიჭუნას კერპია მაიკლ ჯექსონი. რეპეტიციებსა და შოუ „რანინაზე" გამოსვლისთვის ის რაიონიდან ჩამოდიოდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს მას უკვე სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ცნობდნენ, რაც ძალიან სიამოვნებდა.

საქართველო 2018 წელს საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილმა წარადგინა. მან მერვე ადგილი დაიკავა. საქართველო სამჯერ – 2008, 2011 და 2016 წლებში გახდა კონკურსის გამარჯვებული. 2017 წელს საბავშვო ევროვიზია თბილისში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0