ყანჩელის გარდაცვალებას მთელი მსოფლიოდან ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან

© courtesy of Vivacelloკომპოზიტორი გია ყანჩელი
კომპოზიტორი გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გარდაცვალებამ გულგრილი არავინ დატოვა

თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. დიდებული კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული ხელოვნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. კომპოზიტორს გლოვობს ყველა – გამოჩენილი კულტურული და საზოგადო მოღვაწეები, ისინი, ვინც ყანჩელს პირადად იცნობდა და ისინიც, ვინც მის მუსიკებზე გაიზარდა.

რობერტ სტურუა

„გარდაიცვალა უდიდესი ადამიანი! გია!“ – წერს Facebook-ზე ყანჩელის მეგობარი, ცნობილი ქართველი თეატრის რეჟისორი რობერტ სტურუა.

© photo: Sputnik / Dmitry Korobeynikov / გადასვლა მედიაბანკშიკომპოზიტორი გია ყანჩელი
ყანჩელის გარდაცვალებას მთელი მსოფლიოდან ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი გია ყანჩელი

ნიკოლაი სვენტიცკი და ავთანდილ ვარსიმაშვილი

„ჩვენი ტკივილი და მწუხარება უსაზღვროა. წავიდა უდიდესი კომპოზიტორი, ქართველი ერის განძი, ჩვენი სამშობლოს სიამაყე, ჩვენი უფროსი მეგობარი. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მის გულთბილ დამოკიდებულებას გრიბოედოვის თეატრისადმი, სპექტაკლ „ხანუმასადმი“, რომელშიც ჟღერდა მისი მუსიკა, მისი თბილი სიტყვები, რომლებითაც იგი ყოველთვის ულოცავდა ჩვენს თეატრს დღესასწაულებსა და იუბილეებს – ჩვენთვის ეს ყოველთვის იყო არა მხოლოდ დიდი სიხარული, არამედ დიდი პატივი. თავს ვერაფრით ვინუგეშებთ – დანაკარგი მეტისმეტად დიდია. გულწრფელად თანავუგრძნობთ გია ალექსანდროვიჩის ოჯახსა და მის ახლობლებს. სამუდამო ხსოვნა უზადო მაესტროს!“ – ნათქვამია თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორის, ნიკოლაი სვენტიცკისა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ავთანდილ ვარსიმაშვილის სამძიმრის წერილში.

© photo: Kancheli Music / FBკომპოზიტორი გია ყანჩელი
ყანჩელის გარდაცვალებას მთელი მსოფლიოდან ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი გია ყანჩელი

ნანი ბრეგვაძე

„როდესაც ასეთი ადამიანები მიდიან ამ ცხოვრებიდან – ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს დანაკარგია. რადგან მისი მუსიკა მთელ მსოფლიოში ჟღერდა. საოცრად ნიჭიერი ადამიანი... იგი უაღრესად ნიჭიერი და კეთილშობილი ადამიანი იყო. ყოველთვის ეხმარებოდა ადამიანებს, რომელთაც უჭირდათ... შესანიშნავი მუსიკა. შესანიშნავი კომპოზიტორი. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობა მიწევდა“, – აღნიშნა ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

კახა კალაძე

„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ქართველი კომპოზიტორის, განწყობის მუსიკის დიდოსტატის, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ადამიანის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. ძალიან სამწუხაროა. ის იყო მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი და მსოფლიოში აღიარებული შემოქმედი. აღიარება არის ის სიყვარული, რასაც ის ქართველი ხალხისგან იღებდა. ასევე, მთავარი აღიარება არის ის სიყვარული, რაც მისმა მუსიკამ დატოვა ადამიანებში. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გია ყანჩელის ოჯახს, ახლობლებსა და ნათესავებს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა თბილისის მერმა ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

© photo: Sputnik / Khenkin / გადასვლა მედიაბანკშიკომპოზიტორი გია ყანჩელი
ყანჩელის გარდაცვალებას მთელი მსოფლიოდან ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი გია ყანჩელი

ანიტა რაჭველიშვილი

„მშვიდად განისვენეთ. თქვენ ყოველთვის ჩვენს გულებში დარჩებით“, – წერს ცნობილი მეცო–სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი.

ნინო ქათამაძე

„სამუდამო“ – ასე მოკლედ და ლაკონიურად გამოეხმაურა მომღერალი ნინო ქათამაძე ყანჩელის გარდაცვალებას.

ლანა ღოღობერიძე

„ჩვენ მთელი ცხოვრება გვერდიგვერდ გავატარეთ. ერთად ვმუშაობდით, დაწყებული ჩემი ფილმით „როცა აყვავდა ნუში“. ეს მუსიკა საქართველოში საკულტო გახდა. იგი ისე ღრმად, სერიოზულად გრძნობდა გამოსახულებას, როგორც არცერთი სხვა კომპოზიტორი. ის უღრმავდებოდა შინაარსს, კომპოზიციას, ფილმის რიტმს და ასე წერდა. იყო ნამდვილი სიმფონისტი და გარდა ამისა, იყო ნამდვილი კინოკომპოზიტორი. ეს არის უდიდესი დანაკლისი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიო კულტურისთვის“, – აღნიშნა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ.

© photo: Theatrical world / FBკომპოზიტორი გია ყანჩელი
ყანჩელის გარდაცვალებას მთელი მსოფლიოდან ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი გია ყანჩელი

ნინო სურგულაძე

„მშვიდობით დიდო მაესტრო!!! მადლობა ყველაფრისთვის! პატივი იყო თქვენთან როგორც შემოქმედებითი ასევე უბრალოდ, ურთიერთობა!!! ღმერთმა გაანათლოს თქვენი უკვდავი სული!“ - წერს ქართველი მეცო–სოპრანო ნინო სურგულაძე.

ნიკა წულუკიძე

„ყვითელი ფოთლები - სიჩუმეს გავს“. იგი წავიდა, მაგრამ  არასდროს არ გაჩუმდება მისი მუსიკა“, – წერს ტელეწამყვანი და თეატრის კრიტიკოსი ნიკოლოზ წულუკიძე, რომელმაც მაესტროსთან ერთ–ერთი ბოლო ინტერვიუ ჩაწერა.

მირიან ხუხუნაიშვილი

„ყანჩელს მიაჩნდა, რომ მთელი ცხოვრება ერთ დიდ ნაწარმოებს წერდა. და დღეს ეს ნაწარმოები „სიჩუმეში გადავიდა“... მშვიდად განისვენეთ, მაესტრო“, – წერს ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.

© photo: Sputnik / Asayur Yesayantsკომპოზიტორი გია ყანჩელი
ყანჩელის გარდაცვალებას მთელი მსოფლიოდან ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი გია ყანჩელი

თინა კანდელაკი

„... ჩემთვის ეს დიდი პირადი დანაკლისია. მე ხშირად ვიყავი მათ სახლში, რადგან გიას ვაჟი მამზადებდა ქართულში და გამიმართლა, მათ სახლში მისვლა რომ მიწევდა, სადაც ამ უაღრესად ინტელიგენტური, მოკრძალებული და ლამაზი ოჯახის ყოველი წევრი დიდებული ადამიანი იყო. ყანჩელის მუსიკას იცნობს მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში. გიორგი დანელიასთან ერთად მათ შექმნეს გენიალური ქართული ფილმები – „არ დაიდარდო“ და „მიმინო“, არაჩვეულებრივი ანტიუტოპია „ქინძაძა“... მე ამ ფილმებზე გავიზარდე... მშვიდობით, გია ალექსანდროვიჩ. თქვენ წახვედით, მაგრამ თქვენი მუსიკა არასდროს დასრულდება“, – წერს ტელეწამყვანი თინა კანდელაკი.

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიკინორეჟისორი გიორგი დანელია
ყანჩელის გარდაცვალებას მთელი მსოფლიოდან ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან - Sputnik საქართველო
კინორეჟისორი გიორგი დანელია

გია დანელიას ქვრივი

„ყანჩელი და დანელია ყველაზე ახლო მეგობრები იყვნენ. ისინი შეწყობილად მუშაობდნენ, ძალიან ბევრს. ეს იყო დიდი კომპოზიტორი. მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანი კომპოზიტორი–სიმფონისტი“, – იგონებს გალინა იურკოვა–დანელია.

გოჩა აბულაძე

„მთელი ჩემი ბავშვობა ვუსმენდი მის მუსიკას. ვერ ვხვდებოდი და ვერც წარმომედგინა, რომ ამ სილამაზის შემქმნელი ადამიანია. ჩემთვის ღმერთივით იყო მისი მუსიკა. გრძნობ, გიყვარს, ესაუბრები, გულით ატარებ, მაგრამ არ ჩანს არსად. მერე გავიზარდე და ერთ ჩემთვის ძალიან ბედნიერ დღეს ბერლინში სრულიად შემთხვევით გავიცანი ის ღმერთკაცი, ვისი მუსიკითაც ვსაზრდოობდი მთელი ცხოვრება. თვალებს ვერ ვუჯერებდი, როცა ვხედავდი მის უბრალოებას, მის თავმდაბლობას, ბავშვივით სიკეთეს ... მერე ისე გამათამამა მისმა ადამიანურობამ ვუმღერე კიდევაც ... შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია თუ რას ვგრძნობდი, როცა გია მისმენდა ... მერე გულში ჩამიკრა... ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ის უხილავი ღმერთკაცი, რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებას ალამაზებდა მისი ჯადოსნური და ღვთიური მუსიკით!“ – ყვება ოპერის მომღერალი გოჩა აბულაძე.

პაატა ბურჭულაძე

„მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორი და პიროვნება... ბედნიერი ვარ, რომ მისი ნაწარმოებების შესრულების პატივი მხვდა წილად. გია ყანჩელმა შექმნა საკუთარი სტილი და ხელწერა მსოფლიო სიმფონიურ მუსიკაში, განუმეორებელი იყო მისი კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მელოდიები. ყველაზე მთავარი კი ის გახლდათ, რომ გია ყანჩელი იყო დიდი პიროვნება და უკომპრომისო ყოველგვარი უსამართლობის წინაშე. „სიჩუმის მაესტრო" მთელმა სამყარომ დაკარგა, ნათელი მის ხსოვნას... ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მთელ ქვეყანას“, – წერს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

თამარ ივერი

„ქართული კულტურის ძალიან დიდი დანაკლისი. წავიდა დიდი ხელოვანი...დიდი ადამიანი...დიდი მოღვაწე“, – წერს ოპერის მომღერალი თამარ ივერი.

© photo: Sputnik / Khenkin / გადასვლა მედიაბანკშიკომპოზიტორი გია ყანჩელი
ყანჩელის გარდაცვალებას მთელი მსოფლიოდან ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი გია ყანჩელი

აშშ-ის საელჩო საქართველოში

„დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას. დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს“, – ნათქვამია აშშ–ის საელჩოს განცხადებაში.

სომხეთის საელჩო საქართველოში

„სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვავს ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, სსრკ სახალხო არტისტის და სომეხი ერისა და სომხეთის დიდი მეგობრის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს კომპოზიტორის ნათესავებს, ახლობლებს და მოძმე ქართველ ერს“, – ნათქვამია სომხეთის საელჩოს სამძიმრის წერილში.

ყველა ახალი ამბავი
0