მიეცით „ფორსაჟის“ მოგება რეჟისორ კოკოჩაშვილს – რას ითხოვს „ქართული ფილმი“

გამოწერა
საქართველოში გაჩნდა იდეა – გამოიჩინონ კეთილშობილება და დაეხმარონ ფინანსებით ქართული კინოს კლასიკოსს.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. თბილისში დაიბადა იდეა – ჰოლივუდური ბლოკბასტერი „ფორსაჟის" გადაღების შედეგად ქვეყნის ბიუჯეტში შესული თანხების ნაწილი გადაეცეს ქართული კინოს კლასიკოსს, ცნობილ რეჟისორსა და სცენარისტს მერაბ კოკოჩაშვილს ახალი ფილმის გადასაღებად.

თბილისში „ფორსაჟის“ გადაღებები უკვე მეხუთე კვირაა მიდის - დედაქალაქის მკვიდრები უკვე მიეჩვივნენ ავტომობილების რბოლებსა და ვერტმფრენების ხმაურს - Sputnik საქართველო
„ფორსაჟის“ გიჟური რბოლები თბილისის გულში – სანახაობრივი ფოტოები

ჰოლივუდური ფრანშიზის ბოლო ნაწილის გადაღებები, რომელიც საქართველოში აგვისტო-სექტემბერში მიმდინარეობდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს Cash Rebate-ის პროექტის, ანუ „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა და ხაზინა 32 მილიონი ლარით შეავსო. თანხა მოიცავს ტექნიკის, შენობების იჯარისა და პერსონალის დასაქმების ხარჯებს.

ინიციატივის ავტორია კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი ხათუნა ხუნდაძე. თავისი იდეის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

კერძოდ, ხუნდაძის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ამერიკული კინოფრანშიზით შევსებული ბიუჯეტიდან 3 ან 5 მილიონი ჩაიდოს ქართულ კინოში. სხვათა შორის, თავის პოსტში კინოსტუდიის დირექტორი შეცდომით ასახელებს „ფორსაჟის“ გადაღებებიდან მოგების თანხას და მიუთითებს 34 მილიონ დოლარზე.

„ქართველი კლასიკოსი რეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის - „ტერცო მონდო“ დაფინანსება მოიგო კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა", სულ რაღაც 300 000 ლარი, დღევანდელი კურსით ეს რაა, კი მიხვდებით. ახლა ვზივარ და ვჟონგლიორობ „ექსელის“ ფაილში, რომ ფილმის რაღაც ნაწილს ვაკმარო ეს თანხა და მერე მსოფლიოში დავიწყო დიდი ქართველი რეჟისორისთვის ფულის ძებნა და ახსნა, რატომ მისცა სამშობლომ ასე მცირე და მე რატომ ვთხოვ მათ ასე ბევრს...“ – წერს ხუნდაძე.

კინოსტუდიის დირექტორის თქმით, თავის ახალ ფილმში მერაბ კოკოჩაშვილმა მოიწვია პოპულარული ქართველი მსახიობები: მერაბ ნინიძე, ლევან (ჭოლა) წულაძე, ქეთა შათირიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, გრიშო ჟორდანია, თუთა ინაშვილი და კიდევ ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მსახიობი.

რომელ ფილმებს დააფინანსებს ქართული კინოცენტრი 2019-2020 წლებში >>

„ეს იქნება ფილმი დიდ სიყვარულზე, ვაჟკაცობაზე, ადამიანობაზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზე... ფილმი 300 000 ლარითაც მაგარი გამოვა“, – წერს ხათუნა ხუნდაძე.

მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
სერიალი, რომელშიც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, „ემის“ ჯილდოზეა წარდგენილი

ფილმის გადაღება იგეგმება საქართველოში და ევროპის სამ ქვეყანაში. სცენარი დაიწერა ცნობილი ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით.

მერაბ კოკოჩაშვილი 84 წლისაა. ის არის ВГИК-ის სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებული. 1970-იანი წლების დასაწყისში ის კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებულ კურსებზე მსახიობთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 1989 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, მოგვიანებით იყო საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის პროფესორი.

კოკოჩაშვილი რეჟისორია ფილმების: „დიდი მწვანე ველი“, „ნუცას სკოლა“, „უსუი“, „გზა მშვიდობისა, ჯაყო!", „მიხა“. როგორც მსახიობი გადაღებულია ფილმებში „გიორგი სააკაძე“, „არ დაიდარდო“, „მწვერვალი".

ყველა ახალი ამბავი
0