18:29 04 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0107
  • 100 RUB4.4084
  • USD3.3119
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (997)
71 0 0

კლასიკური მუსიკის მოყვარულებს საინტერესო და მდიდარი მუსიკალური პროგრამა ელოდებათ.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მარტვილში, დადიანების საშემოდგომო რეზიდენციის ტერიტორიაზე კლასიკური მუსიკის მეხუთე, საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა" 27-29 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

წელს ფესტივალის პროგრამა ქართველი შემსრულებლებისთვის მოიცავს ნაწარმოებებს, რომლებიც თემატურად ერთგვარად ეხმიანებიან დასავლეთ საქართველოს რეგიონსა და მის მდიდარ ისტორიას.

ფესტივალის გახსნაზე სცენაზე წარდგებიან თბილისის სკოლა-სტუდია Drum School-ის „მოსიარულე დრამერები" გიორგი ვართანოვის ხელმძღვანელობით. შემდეგ სცენაზე წარდგება ფესტივალის არაერთგზის მონაწილე, საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი ახალგაზრდა პიანისტი გიორგი გიგაშვილი. მუსიკალურ საღამოს დაასრულებს სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი.

რაც შეეხება ფესტივალის მეორე დღეს, ორგანიზატორებმა პროგრამა უცხოელ სტუმრებს მიუძღვნეს. 28 სექტემბერს მსმენელის წინაშე წარდგება გიტარისტების დუეტი სიცილიიდან BLANCO SINACORI, გერმანიიდან საქსოფონისტების კვარტეტი XENON და კაუნასის მუსიკის უნივერსიტეტის კამერული ორკესტრი VMU.

ფესტივალის დახურვის დღეს სტუმრებს გრანდიოზული გალა-კონცერტი ელოდებათ, სადაც მუსიკოსები შეასრულებენ ნაწარმოებებს თავისუფალი პროგრამიდან – ჯაზური კომპოზიციებითა და პოპ–ტრანსფორმაციებით.

გარდა მუსიკალური ნაწილისა, ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ მუსიკათმცოდნეების ლექციები და ვორქშოფები. წელს ლექციის თემა იქნება ქართული კლასიკური მუსიკა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.

ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია დირიჟორი შიო აბრახამია, დირექტორი კი კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა" 2015 წელს დაარსდა და სამეგრელოს მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა. ფაქტობრივად მანამდე ამ მხარეში კლასიკური მუსიკის ფესტივალი არ ჩატარებულა.

დადიანების რეზიდენცია სალხინოში, მდინარე ტეხურას პირას გენერალ-ლეიტენანტმა თავადმა ლევან V დადიანმა (1793–1846) XIX საუკუნის პირველ ნახევარში ააგო. ამჟამად ის საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. ეს ერთ-ერთი იმ მცირე ადგილთაგანია, სადაც ოჯალეშის ჯიშის ღვინოს აყენებენ.

თემები:
საქართველო და კულტურა (997)

მთავარი თემები