ბათუმში BIAFF 2019-ის გამარჯვებულები დაასახელეს

გამოწერა
საავტორო კინოს ფესტივალის მთავარი ჯილდო რეჟისორ მარკო სკოპის სლოვაკეთი-ჩეხეთის ერთობლივ ფილმს „და იქმნა ნათელი" ერგო.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში მუშაობა დაასრულა საავტორო კინოს ყოველწლიურმა საერთაშორისო ფესტივალმა BIAFF. ჟიურიმ გამარჯვებულები და თავისი ფავორიტები გამოავლინა.

ფესტივალის მთავარი ჯილდო – გრან-პრი მიიღო რეჟისორ მარკო სკოპის სურათმა „და იქმნა ნათელი" (სლოვაკეთი, ჩეხეთი).

ფილმი კივილი - Sputnik საქართველო
„კივილი" ბათუმში: კინომოყვარულებს ირაკლი კვირიკაძის მეუღლის ფილმის პრემიერა ელოდებათ

BIAFF 2019-ის საუკეთესო რეჟისორად დასახელდა ირანელი რეზა მირკარიმი ფილმისთვის „ოცნებების სასახლე". საუკეთესო მსახიობ მამაკაცად აღიარეს კაიან აჩიკგოზი როლისთვის ფილმში „სამი დის ზღაპარი" (რეჟისორი - ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია), ხოლო საუკეთესო მსახიობ ქალად როლისთვის ამავე ფილმში ჩემრე ებუზზია. ამას გარდა, ფილმს „სამი დის ზღაპარი" ჟიურის სპეციალური პრიზიც ერგო.

დოკუმენტური ფილმების სექციაში საუკეთესოდ აღიარეს რეჟისორ კიმ ლონგინოტოს „მაფიის გადაღება" (ირლანდია). ჟიურის სპეციალური პრიზი გაინაწილეს ელკე მარგარეტ ლერენკრაუზის ფილმმა „სიყვარულის ავტომობილი" (გერმანია) და ელენა ტრეშტიკოვას ფილმმა „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ" (ჩეხეთი).

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ამირან დოლიძის „ცხოველი" (საქართველო). ჟიურის დიპლომები მიიღო ორმა სურათმა – ალექსანდრ მარკოვის ფილმმა „იმედი" (ბელარუსი) და ირინა მორეის სურათმა „საზამთროს წვენი" (ესპანეთი).

გეილ ანა ჰარდი - Sputnik საქართველო
„ფორსაჟის“ შემდეგ თბილისს „ტერმინატორისა“ და „მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი ესტუმრება

ქართველ კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი გახდა რეზა მირკარიმის „ოცნებების სასახლე".

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წელს აიღეს მანუჩარ შერვაშიძემ (საქართველო), პოლ შრედერმა (აშშ), რომელიც ფესტივალის საპატიო სტუმარი იყო, დენი ლავანმა (საფრანგეთი) და ალექსანდრე მინდაძემ (რუსეთი).

BIAFF 2019-ის სრულმეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) – ჟიურის თავჯდომარე, ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო).

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. BIAFF-ი ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. კინოფორუმის პროგრამაშია ტრადიციულად ორი კონკურსია: ეროვნული და საერთაშორისო.

ყველა ახალი ამბავი
0