თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მოკლემეტრაჟიანი ფილმი „კივილის" ქართული პრემიერა, რომლის რეჟისორიც ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ირაკლი კვირიკაძის მეუღლე ტომა სტენკოა, ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის (BIAFF) ფარგლებში გაიმართება. ფესტივალს აჭარის დედაქალაქი 15-22 სექტემბრის პერიოდში უმასპინძლებს.
23-წუთიანი დრამა „კივილი" ახალგაზრდა გოგონაზე, სერაფიმაზე მოგითხრობთ. იგი ძმასთან, ანტონთან ერთად ქალაქგარეთ, დიდ სახლში ცხოვრობს. სერაფიმა შეყვარებულთან ერთად ერთობა, ამასთან აცნობიერებს, რომ ყოველდღიურად ფსკერზე ეშვება. ახალგაზრდა ქალს სხვადასხვა აზრები აწუხებს, რომლის არსს მაყურებელი აღმოსავლური ფლეიტისა და დუდუკის ჰანგების ფონზე გაიგებს.
ფილმში მთავარ როლს რუსი მსახიობი სერაფიმა კრასნიკოვა ასრულებს, პატარა ძმის როლს კი ირაკლი კვირიკაძისა და ტომა სტენკოს ექვსი წლის შვილი, მამის სეხნია ირაკლი კვირიკაძე-უმცროსი.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 2018 წელს ყაზახეთში გამართულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Ertis cinema გაიმართა.
ფილმი „კივილის" ნახვა ბათუმში, ევროპის მოედანზე 21:00 საათზე ღია ცის ქვეშ გაიმართება.
BIAFF-ის ფესტივალზე, რომელიც უკვე მეთოთხმეტედ ტარდება ბათუმში, ტომა სტენკოს „კივილი" მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში იქნება წარმოდგენილი. ფილმს კონკურენციას გაუწევს ხუთი ქართული ფილმი: ნიკოლოზ გუგუშვილის „გაბანა", ნიკა ქურდაძის „კარს მიღმა", სოსო ბლიაძის „ტრადიცია", ამირან დოლიძის „ცხოველი" და გიორგი სიხარულიძის „ცუდი ხალხი".