თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ფორსაჟი 9"-ის (Fast and Furious 9") ეპიზოდების გადაღებაში უპილოტო საფრენი აპარატების გარდა ვერტმფრენიც ჩაერთვება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
საჰაერო კინოგადაღებას განახორციელებს ბელგიური ავიაკომპანია Heli and Co SA-ის კუთვნილი EUROCOPTER AS 355N.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტომ ბელგიურ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიანიჭა.
„სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების და სპეციალისტების მიერ ადგილზე მოხდა სპეციალურად მოწყობილი ასაფრენ-დასაფრენი მოედნის და საფრენი ლოკაციების დათვალიერება. ასევე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა ტექნიკურ ჯგუფთან და ვერტმფრენის პილოტებთან", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აგვისტოს დასაწყისში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფილმ „ფორსაჟის" საჰაერო გადაღებებისთვის ბრიტანული კომპანიის კუთვნილი რვა ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი დაარეგისტრირა და სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვა მიანიჭა.
საქართველოში ცნობილი ფრენჩაიზის გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.
როგორც ცნობილია, ამერიკული ბლოკბასტერი „ფორსაჟი 9"-ის გადაღებები (Fast and Furious) სახელმწიფო ბიუჯეტს 32 მლნ ლარით შეავსებს. თანხაში შედის ტექნიკის, შენობების იჯარა და დასაქმებული პერსონალის ანაზღაურება.