თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. არქიტექტურის უნიკალური ქართული ძეგლი – ხევსურეთში მდებარე შუა საუკუნეების ციხე-სოფელი მუცო შესაძლოა „ევროპა ნოსტრას" პრემიის პრიზიორი გახდეს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მიღწევებისთვის გადასცემენ. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცნობეს.
„ევროპა ნოსტრა" – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ერთგვარი ევროპული „ოსკარია". ყოველწლიურად დამოუკიდებელი ექსპერტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ირჩევენ პრიზიორებს ოთხ ნომინაციაში: „კონსერვაცია-რესტავრაცია", „კვლევითი საქმიანობა", „სფეროში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის", „ფორმალური და არაფორმალური განათლება, ცნობიერების ამაღლება".
2018 წელს ძეგლი ნომინაციაზე წარადგინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს.
2019 წლის მაისში მუცო მოხვდა ჯილდოს ლაურეატების ვრცელ სიაში ნომინაციაზე „კონსერვაციის საუკეთესო პროექტი". საქართველოსთან ერთად ამავე ნომინაციაზეა წარდგენილი 10 ძეგლი საფრანგეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
უძველესი ქართული სოფლის აღდგენა 2020 წელს დაიწყება>>
დაჯილდოების ცერემონია 29 ოქტომბერს პარიზში მემკვიდრეობის საკითხთა ევროპული კონგრესის ფარგლებში გაიმართება. პრიზებს გამარჯვებულებს გადასცემს „ევროპა ნოსტრას" პრეზიდენტი, საყოველთაოდ ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგო.
„დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდება გრან-პრის შვიდი ლაურეატი, რომელთაც პრიზის სახით 10-10 ათას ევროს გადასცემენ. აქვე გახდება ცნობილი, ვინ მოიპოვებს „საზოგადოების რჩეულის" ტიტულს. ამ ნომინაციაში გამარჯვებულისთვის ინტერნეტით ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ.
ხმის მიცემა ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. კენჭისყრა 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ხმის მიცემა შესაძლებელია ერთხელ და აუცილებლად სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი სამი პროექტისთვის.
მუცოს ისტორია
ციხე-სოფელი მუცო ხევსურეთის ისტორიულ მხარეში რთული რელიეფის სამ ვერტიკალურ ტერასაზეა განლაგებული. რამდენიმე ათეულ საცხოვრებელ სახლთან და ციხე-კოშკებთან მისასვლელი გზა რთულ, 300-მეტრიან ციცაბო ფერდობზე გადის.
ძველად მუცო საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. ეს იყო ავანპოსტი, რომელიც საქართველოში ჩრდილოეთიდან მომავალ გზებს იცავდა. საქართველოსთვის, რომელსაც მუდმივად უწევდა დაცვა ჩრდილოკავკასიელი, სპარსი, არაბი, თურქი, მონღოლი და სხვა დამპყრობლების შემოსევებისგან, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო თავდაცვის საშუალებები.
ადგილობრივი მოსახლეობა, მეომრები და მონადირეები მთავარანგელოზ ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ და საუკუნეები იცავდნენ ხატისთვის ნაბოძებ საგანძურს. ლეგენდის თანახმად, ეს საგანძური რჩეულის მოლოდინში დღემდე ინახება მთებში, მუცოს მახლობლად.
რა არის „ევროპა ნოსტრა"?
„ევროპა ნოსტრა" – კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც 1963 წელს შეიქმნა და ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ფედერაციის შტაბ-ბინა ჰააგაში მდებარეობს. „ევროპა ნოსტრა" თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭო და იუნესკო. საქართველო „ევროპა ნოსტრას" ასოცირებული წევრი 2016 წელს გახდა.