თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიოს ციხეში რომაული ფესტივალი 2019 იმართება, იუწყება თავად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
ფესტივალი 20 და 21 აგვისტოს ჩატარდება.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა რომაული ბანაკი ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით. გამოფენილი იქნება რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებისთვის და სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ნივთები. მოეწყობა სადღესასწაულო ბაზრობა, სადაც გაიყიდება სხვადასხვა სახის ნაკეთობები, კერამიკული ნაწარმი და ხალხური რეწვის სხვა ნიმუშები.
ასევე ჩატარდება მეთუნეობისა და ხის ოსტატობის მასტერ-კლასები. გაიმართება სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობა, მათ შორის „გლადიატორების ორთაბრძოლა". გაიმართება ტურნირი „გონიოს თასი" სამ სპორტულ სახეობაში – ქართული ჭიდაობაში, მშვილდოსნობაში და ცხენოსნობაში.
ფესტივალი მიზნად ისახავს მუზეუმის პოპულარიზაციას და საუკუნეების წინანდელი ტრადიციების გაცოცხლებას.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
გონიოს ციხე საქართველოში ყველაზე ძველი ციხე-სიმაგრეა. მისი აშენების თარიღად ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნე მიიჩნევა. ის ბათუმიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.