05:51 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ჟორჟ სიმენონი

30-იანი წლების ბათუმი ჟორჟ სიმენონის ობიექტივში – აჭარა მალე უნიკალურ ფოტოებს უმასპინძლებს

© photo: Sputnik /
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (309)
108 0 0

აჭარის ხელისუფლებამ მწერლის ფოტოების ბათუმში გამოფენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ბათუმში ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის არქივიდან ХХ საუკუნის პირველი ნახევრის ბათუმის უცნობი, უნიკალური ფოტოების გამოფენა გაიმართება.

ჟორჟ სიმენონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეტექტიური ჟანრის მწერალია – გამოქვეყნებული აქვს 425 წიგნი. ყველაზე მეტად ცნობილია მისი დეტექტივების სერია კომისარ მეგრეზე.

როგორც აღმოჩნდა, სიმენონის არქივში, ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონში ინახება გასული საუკუნის 30-იანი წლების ბათუმის ფოტოები, რომლებიც ჯერ არავის უნახავს.

ამ ფოტოების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ვალონიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ ბათუმის ბულვარის დირექტორი სოფიო გუჯაბიძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

ვიზიტის მიზანი იყო რეგიონის ტურისტული პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის, ნაკრძალების, ტბებისა და პარკების გაცნობა. ვიზიტი საინტერესო აღმოჩნდა არა მხოლოდ ვალონიის ტურისტული პოტენციალის გაცნობის თვალსაზრისით, არამედ ასევე ბათუმელებისთვის ძალზე საინტერესო ფაქტის აღმოჩენის კუთხით.

„საქმე ეხება ჟორჟ სიმენონის მიერ ბათუმში გადაღებულ უნიკალურ ფოტოებს, მათ შორის, ძველი ბულვარის ფოტოებს. როგორც ცნობილია, მეოცე საუკუნის დასაწყისში ბელგიელი ნობელისტი მწერალი ბათუმში იმყოფებოდა და მის არქივში დღემდე ინახება 1930-იან წლებში გადაღებული უცნობი ფოტოები. ფოტოების საავტორო უფლებების მოპოვებაზე მუშაობა დაწყებულია", – ნათქვამია ბათუმის ბულვარის განცხადებაში.

ამ პროექტზე უახლოეს მომავალში აჭარის ხელისუფლება იმუშავებს ვალონიის რეგიონთან თანამშრომლობით.

რას წერდა ბათუმზე ჟორჟ სიმენონი

ჟორჟ სიმენონის შემოქმედებაში 30-იანი წლების ბათუმში მოქმედება ვითარდება რომანში Les Gens d"en Face („ხალხი მოპირდაპირე მხარეს").

„წიგნის დაწერამდე რამდენიმე თვით ადრე სიმენონმა საბჭოთა კავშირში იმოგზაურა შავი ზღვის გასწვრივ, რვა დღე დაჰყო ოდესაში და 1933 წლის პირველი ნახევრის უკრაინაში მასობრივი შიმშილობის მომსწრეც იყო. უკრაინიდან სიმენონი ბათუმში ჩამოვიდა და აქედან სტამბულში გაემგზავრა. რომანის წერა სიმენონმა მოგზაურობიდან დაბრუნებისთანავე დაიწყო – 1933 წლის ზაფხულში და ყოველკვირეულ ბელგიურ გამოცემა Les Annales-ში გამოაქვეყნა 7 ნაწილად", – წერს გაზეთი „ბათუმელები".

წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი ადილ ბეი ბათუმში 1920 წელს დანიშნული თურქი კონსულია, რომელიც ბათუმში მისი წინამორბედის უეცარი გარდაცვალების შემდეგ დანიშნეს. კონსული აღმოაჩენს ზღვისპირა, კოსმოპოლიტურ ქალაქს, რომელიც მდიდარია ნავთით – ამ ბიზნესს ბათუმში იმ დროისთვის როკფელერების ამერიკული კომპანია Standard Oil მართავს, თუმცა მიუხედავად ამ ბუნებრივი სიმდიდრისა, ქალაქის მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს და შიმშილობს. რომანში მაშინდელი ბათუმის ქუჩები და ადგილებიცაა აღწერილი.

ადილ ბეი საბჭოთა და ადგილობრივ ბიუროკრატიასთან გარკვევას ცდილობს. ამაში მას ეხმარება თარჯიმანი და მდივანი სონია. ადილ ბეისა და სონიას ერთმანეთი შეუყვარდებათ. სონია თურქ კონსულს აფრთხილებს, რომ მას საბჭოთა დაზვერვა უთვალთვალებს. ადილ ბეის ჯანმრთელობა ირყევა, ის ეჭვობს, რომ მას წამლავენ. წიგნის ფინალში ადილ ბეი და სონია ბათუმის პორტიდან ბელგიური გემით გაქცევას ცდილობენ, თუმცა, შეყვარებულების გეგმას განხორციელება არ უწერია.

თემები:
საქართველო და კულტურა (309)

მთავარი თემები