ვინ და რატომ არ იმღერებს 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე

© Sputnik / Alexander Imedashviliსამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია
სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტზე სხვადასხვა მიზეზების გამო არ იმღერებენ ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი „შვიდკაცა“.

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას ქართველი მომღერლების ნაწილი არ მიიღებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კონცერტზე, რომელიც 17 მაისს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში უნდა გაიმართოს, არ იმღერებენ: ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი „შვიდკაცა“.

კინოთეატრი - Sputnik საქართველო
ქართულმა ფილმმა ტრანსგენდერის შესახებ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნია“.

მომღერალ ნინო ქათამაძის თქმით, 17 მაისს ის საქართველოში არ იქნება.

„ვფიქრობ, რომ ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ნამდვილად, მაგრამ ასევე ვთვლი, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას სიყვარულით და არა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების ჩაგვრის, განდევნის ხარჯზე. ეკლესია, თავის მხრივ, ცდილობს, დაალაგოს ურთიერთობა და ქადაგებდეს ოჯახის სიწმინდეს, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, მე მართლაც მივდივარ, არ ვიქნები საქართველოში, მაგრამ განმარტებას ვაკეთებ იმ კუთხით, რომ არ შეიძლება ადამიანების ჩაგვრა“, – განუცხადა ნინო ქათამაძემ „ნეტგაზეთს“.

მომღერალ ნატო მეტონიძის განცხადებით, მას კონცერტის დღეს სხვა გეგმები აქვს და ეს მისი არჩევანია, თუმცა, ამავე დროს, არც კონცერტში მონაწილეობის შეთავაზებით მიუმართავს მისთვის არავის. როცა ორგანიზატორებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, თუ საიდან მოხვდა მისი გვარი აფიშაზე, მას მოუბოდიშეს, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა.

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძეს კი 17 მაისს ქალაქ გორში აქვს დაგეგმილი კონცერტი და, შესაბამისად, 17 მაისს თბილისში არ იქნება. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, საპატრიარქოს შეთავაზებაზე უარს არ იტყოდა.

ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ბიძინა კვერნაძის ხსოვნის საღამო – ბრეგვაძე, ქათამაძე და ვარსკვლავთცვენა თბილისის სცენაზე

17 მაისს ქუთაისში აქვს დაგეგმილი კონცერტი ანსამბლ „შვიდკაცას“, რომლის წევრებიც ამჟამად გასტროლებზე საბერძნეთში იმყოფებიან.

კონცერტში მონაწილეობას აპირებს ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“, რომელიც „ლგბტ“ უფლებებს იცავს, მიმართა „სუხიშვილებს“ და სამების ტაძრის ეზოში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

„17 მაისი არის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე! სუხიშვილები, გთხოვთ, გაიაზროთ აღნიშნული დღის მნიშვნელობა, გამოიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უარი თქვათ ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობაზე“, – აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ მიერ Facebook-ში გავრცელებულ მიმართვაში.

2013 წლის 17 მაისს ლგბტ თემის რამდენიმე წევრს თავს დაესხნენ. 2014 წელს კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0