ბიძინა კვერნაძის ხსოვნის საღამო – ბრეგვაძე, ქათამაძე და ვარსკვლავთცვენა თბილისის სცენაზე

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშინინო ქათამაძე
ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ქართული ესტრადის ვარსკვლავები გამოვლენ.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერლები ნანი ბრეგვაძე და ნინო ქათამაძე მსმენელის წინაშე გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის ბიძინა კვერნაძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე წარდგებიან.

საიუბილეო კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 22 მაისს გაიმართება. საღამოზე ბიძინა კვერნაძის მიერ თეატრისა და კინოსთვის დაწერილი მუსიკა აჟღერდება.

კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე - Sputnik საქართველო
ბიძინა კვერნაძე: „ხან-დაზმული ვარ, ხან არა“...

ნანი ბრეგვაძესა და ნინო ქათამაძესთან ერთად ოპერის თეატრის სცენაზე გამოვლენ ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, მანანა მენაბდე, მიხეილ შეშაბერიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, გოგი ჭიჭინაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მარიამ როინიშვილი, აჩიკო ნიჟარაძე და სხვ.

კვერნაძის ნაწარმოებებს შეასრულებენ ანსამბლები „თეატრალური კვარტეტი", სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი.

საღამო 20:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ონლაინ, ვებ-გვერდზე tkt.ge.

ბიძინა კვერნაძე 1928 წლის 29 ივლისს სიღნაღში დაიბადა. 1948 წელს ბიძინა კვერნაძემ საგამოცდო კომისიას წარუდგინა თავისი ნაწარმოებები და ფრიადოსნის ნიშნით ჩაირიცხა კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტის პირველ კურსზე. მისი სადიპლიმო ნაწარმოები სიმფონიური პოემა „შემოღამება მთაწმინდაზე" (ნიკოლოზ ბარათაშვილის მიხედვით) შესრულდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ.

დიდი ქართველი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე დღეს იუბილარია>>

1953 წელს ბიძინა კვერნაძე მიიღეს საკავშირო კომპოზიტორთა კავშირის წევრად. 1959 წელს ჩატარდა „ამიერკავკასიის მუსიკალური გაზაფხული", რომელზეც წარმატებით შესრულდა კვერნაძის სავიოლინო კონცერტი. არამ ხაჩატურიანის რეკომენდაციით კონცერტი გაიგზავნა ვენაში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე, სადაც მიავლინეს ავტორიც და იგი სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა. ამავე წელს დაიწერა „ცეკვა-ფანტაზია" სიმფონიური ორკესტრისათვის, რომელიც სავიოლინო კონცერტთან ერთად ბევრჯერ აჟღერდა აშშ-ში, შვეიცარიაში, პოლონეთში, უნგრეთში და სხვ. ამ სიმფონიისათვის კომპოზიტორმა საკავშირო კონკურსის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო. იგი შეიტანეს ერთტომეულში „ორმოცდაათი საუკეთესო სიმფონია".

ლუი არმსტრონგი - Sputnik საქართველო
ჯაზის მეფე და ქართველი ემიგრანტი: ლუი არმსტრონგის „მემატიანე" თბილისში კონცერტს გამართავს

1965 წელს დაიდგა ბიძინა კვერნაძის ბალეტი „ქორეოგრაფიული ნოველები", 1973 წელს — ბალეტი „ბერიკაობა", 1983 წელს — ოპერა „იყო მერვესა წელსა" („შუშანიკის წამების" მიხედვით, რეჟისორი რობერტ სტურუა), 1992 წელს ციურიხში, თანამედროვე მუსიკის მსოფლიო ფესტივალზე პირველად შესრულდა სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის.

ბიძინა კვერნაძის შემოქმედება თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. მისი რჩეული ქმნილებებია: „ჩვენისთანა ბედნიერი", „მედეა", „უკვდავება", „კანტატა საქართველოზე", „სადღესასწაულო უვერტიურა", „ძველი ქართული", „სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის". კომპოზიტორს შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისთვის „დათა თუთაშხია" (ჯ. კახიძესთან ერთად), „უდიპლომო სასიძო", „ნატვრის ხე", „თეთრი ბაირაღები". მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: „ჭინჭრაქა", „ყვარყვარე თუთაბერი", „ზაფხულის ღამის სიზმარი", „მე ვხედავ მზეს".

„უსაყვარლესი ქალაქი" - ნანი ბრეგვაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა>>

2010 წლის 8 ივლისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა თბილისში. იგი დაკრძალეს დიდუბის ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

საინტერესო ფაქტები ბიძინა კვერნაძის შესახებ:

  • 1981 წელს მიენიჭა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია.
  • 1985 წელს ოპერისათვის „იყო მერვესა წელსა" და უკანასკნელი წლების კინომუსიკისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
  • 1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
  • 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
  • 2003 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ბიძინა კვერნაძის სახელობის ვარსკვლავი.
  • ფილმისთვის „განაჩენი" პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსზე ბიძინამ დაწერა მუსიკა „ასეთია ქურდი კაცის ბედი".
ყველა ახალი ამბავი
0