თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. თბილისის კრეატიული კომპანია „ლივინგსტონის“ ვიდეო, სახელწოდებით „მოსიარულე მკვდრები კახეთში“, „ინტერნეტის ოსკარად“ მონათლული პრემიის – „ვების“ (Webby Awards) მფლობელი გახდა.
პრემია „ვები“ – საერთაშორისო პროფესიონალური ინტერნეტპრემიაა. ჯილდო ყოველწლიურად ენიჭება მსოფლიოს საუკეთესო ვებ-პროექტებს, მათ შორის, საიტებს, ინტერნეტ-რეკლამებს, ქსელურ ვიდეორგოლებს, მობილური ტელეფონებისთვის შექმნილ სერვისებსა და ვებ-გვერდებს. პრემია „ვები“ 1996 წელს ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიამ (IADAS) დააარსა.
ქართული ვიდეორგოლის გმირი კახეთის სოფელ ყიტაანის მკვიდრი გოგიტა მამაცაშვილია. გოგიტას სოფელს თავს ესხმიან ზომბები, რომლებიც ანადგურებენ ვენახებს, ბოსტნებს და ხეხილს. გაბედული კახელი ორ მათგანს იჭერს და ათვინიერებს. მათ სახელებსაც არქმევს – ერთს ჩუმლაყა ჰქვია, მეორეს – მახო. ის მათ ესაუბრება, ასეირნებს, მათთან ერთად ვახშმობს და ქართულ მრავალხმიან სიმღერასაც ასწავლის.
სარეკლამო რგოლმა, რომელიც შეიქმნა როგორც „მაგთის“ ტელევიზიით ტელეარხ Fox-ის სერიალ „მოსიარულე მკვდრების“ (Working dead) რეკლამა, გაიმარჯვა ნომინაციაში „ვიდეო“. თავდაპირველად ვიდეო ნომინანტების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, შემდეგ კი ის გამარჯვებულად გამოცხადდა.
„ლივინგსტონი“ ზედიზედ მეორე წელია ამ ჯილდოს – „ინტერნეტის ოსკარის“ მფლობელი ხდება. ჩვენი ვიდეო ჟიურიმ რამდენიმე ათასი ნამუშევრიდან აარჩია და ფინალურ ეტაპზე კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულად გამოაცხადა. ჩემთვის, ისევე, როგორც „ლივინგსტონისთვის“, ამ ჟანრის ვიდეოს გადაღება ექსპერიმენტი იყო. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ასეთმა ნოვატორულმა ნამუშევარმა წარმატება მოიპოვა ოკეანის გადაღმაც“, – განუცხადა ქართულ მასმედიას მელი ბაღდავაძემ, კომპანია „ლივინგსტონის“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა.
„ლივინგსტონი“ არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. 2015-16 წლებში საერთაშორისო ფესტივალ „კანის ლომებზე“ ქართული სარეკლამო კომპანია ორჯერ გახდა „ბრინჯაოს ლომის“ მფლობელი. ხოლო რეკლამის 26-ე საერთაშორისო პრემიაზე (LIA) 2016 წელს ლას-ვეგასში კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში „მუსიკა და ხმა“. მაშინ ქართულმა სარეკლამო კომპანიამ ჟიურის შესთავაზა ჯგუფ „ნირვანას“ საკულტო კომპოზიციის Smells Like Teen Spirit ახლებური ვერსია, რომელიც ღვინის კომპანიის სარეკლამო რგოლისთვის შეიქმნა.
პრემია „ვებისთვის“ საკონკურსო ნამუშევრებს მსოფლიო ინტერნეტის ცნობილი და კომპეტენტური წარმომადგენლები არჩევენ. მათ შორის არიან მულტიპლიკაციური სერიალი „სიმფსონების“ შემქმნელი მეტ გრენინგი, Real Networks-ის გენერალური დირექტორი რობ გლეიზერი, და კიდევ 550 ექსპერტი, ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის წევრები.
პროექტების შერჩევის საკვანძო კრიტერიუმებია მოქნილი სტრუქტურა და ნავიგაცია, ვიზუალური დიზაინი, ფუნქციურობა, მთლიანობა და წარმატება.
პრემია „ვები“ სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ინტერნეტ-სივრცეში თავიანთი სეგმენტების მოწინავე პროექტებს: Russia Today, Amazon, eBay, Yahoo!, iTunes, Google, BBC, CNN, Wikipedia, YouTube. პრემიას ხშირად „ინტერნეტის ოსკარად“ მოიხსენიებენ.