თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ქართულ ეკრანებზე გამოვიდა ახალი ფენტეზი-სათავგადასავლო საბავშვო ფილმი „იზი და ჯადოქარი". ფილმში ქართული სამსახიობო სკოლის უფროსი და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
რეჟისორმა ხათუნა გიორგობიანმა ფილმში მიიწვია ზურაბ ყიფშიძე, დარეჯან ხარშილაძე, რუსკა ქარქაშაძე, სოსო ხვედელიძე, აპოლონ კუბლაშვილი, ანი ბებია, ბახვა ბრეგვაძე და სხვ.
სურათის სიუჟეტით, როდესაც ბავშვებისა და უფროსების შეხედულებები არ ემთხვევა, ბავშვებს უცნაური სურვილები უჩნდებათ. სწორედ ამ დროს ოცნებების ასრულების ვარსკვლავი ეშვება დედამიწაზე. აუხსნელი ჯადოსნური მოვლენის შემდეგ დილით ქალაქის ყველა უფროსი მცხოვრები ზომით პატარავდება. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის შველა მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ. პატარები იწყებენ გამოძიებას, რომელსაც ისინი ჯადოსნურ ღამეში დამნაშავესთან – ბოროტ ჯადოქართან მიჰყავს.
ფილმი 2018 წელს კინოსტუდია Gigaproduction-მა გადაიღო. ფილმში გიგა კუხიანიძის მუსიკა ჟღერს.