თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. გერმანელი დრამატურგის ინგრიდ ლაუზუნდის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „უხერხემლობის" პრემიერა თბილისის მ. თუმანიშვილის სახელმწიფო კინომსახიობთა თეატრის სცენაზე 20 დეკემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ეს არის ისტორია წარმატებული ოფისის თანამშრომლების თავგადასავლების შესახებ. დადგმა თანამედროვე მსოფლიოში ისეთ აქტუალურ პრობლემატიკას ეხება, როგორიცაა სამუშაო რუტინის გამო სტრესი და ნევროზი, ბავშვობაში დაგროვებული კომპლექსები, კარიერული წინსვლისკენ მსწრაფი ადამიანების სისასტიკე, ასევე ყოველდღიურობაში მივიწყებული ადამიანური გრძნობები და ურთიერთობები.
დადგმის რეჟისორია ირაკლი გურგენიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ანი იმნაძე, ცოტნე მეტონიძე, ანა მატუაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, ილია ჭეიშვილი.
სპექტაკლის დასაწყისი - 20:00 საათზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ისე ონლაინ.