„სხვა საბჭოთა ადამიანი“ - ფრანკფურტში გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა გაიმართა

გამოწერა
ფოტოგრაფის  სახელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთ-ერთ მწვერვალს ეწოდა

თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. ფრანკფურტში მეოცე საუკუნის ცნობილი ქართველი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა გაიმართა, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული 9 ოქტომბერს გაიხსნა და 14 ოქტომბერს დასრულდება. ამ ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ღონისძიების საპატიო სტუმარი ქვეყანა წელს საქართველოა. საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მიხედვით,  საქართველოს პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ღონისძიებები იმართება.

გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კულტურული პროგრამის შემადგენელი პროექტია. ექსპოზიციას „სხვა საბჭოთა ადამიანი“ ჰქვია.

ფოტო-გამოფენაზე წარმოდგენილია გურამ თიკანაძის მიერ გადაღებული, სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრები.

გამოფენა „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.

გურამ თიკანაძე 1963 წლის 27 აგვისტოს, 30 წლისა, კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალიდან – შხარადან დაშვების დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

თიკანაძე პროფესიით გეოლოგი იყო. გატაცებული იყო სპორტის სხვადასხვა სახეობით. ფოტოგრაფიით სკოლაში დაინტერესდა. მან დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზე. ალპინიზმმა კი სტუდენტობის პერიოდში გაიტაცა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ორმოცამდე მწვერვალი დალაშქრა.

1980 წელს სვანეთში, სოფელ ლატალში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ძალისხმევით გურამ თიკანაძის სახელობის სპორტული კომპლექსი და მუზეუმი გაიხსნა. მისი სახელი კი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთ-ერთ მწვერვალს ეწოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0