თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი" სოფელ ზემო ნიქოზში 1-7 სექტემბერს მეშვიდედ გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ზემო ნიქოზს ეწვევიან როგორც ცნობილი, ისე დამწყები ანიმატორები, რომლებიც ფესტივალს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაატარებენ.
ფესტივალის ფარგლებში რეჟისორები სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, ასევე ჩაატარებენ სასწავლო მასტერ-კლასებს.
თანამედროვე შემოქმედების ფესტივალი სოფელ ნიქოზში 2011 წლიდან ტარდება. ორგანიზატორების განცხადებით, „ნიქოზი" სხვა კინოფესტივალებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ საერთოდ არ არის ტრადიციულად მიღებული საკონკურსო სისტემა, სადაც ავლენენ გამარჯვებულს სხვადასხვა ნომინაციაში. „ნიქოზში" აჩვენებენ როგორც ძველ შედევრებს, ისე ახლად შექმნილ ფილმებს.
ფესტივალის მონაწილეები ეცნობიან მსოფლიო ანიმაციის სიახლეებს, ხვდებიან ცნობილ რეჟისორებსა და ხელოვნების მოღვაწეებს.
ანიმაციური ფესტივალი, ტრადიციულად, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტის, ეპისკოპოს ისაიას (ზურაბ ჭანტურიას) ინიციატივით ტარდება.