თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ორწლიანი პაუზის შემდეგ ერთადერთი ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე FilmPrint ბრუნდება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ჟურნალი წელიწადში ერთხელ გამოვა და ქართული კინემატოგრაფიის ფართო სპექტრს მიმოიხილავს, იუწყებიან კინოცენტრში. ჟურნალის განახლებულ ნომერზე მუშაობდნენ რედაქტორები ნინო მხეიძე, ლელა ოჩიაური და ქეთევან ტრაპაიძე.
ახალი ნომრის პრეზენტაციამ უჩვეულოდ ჩაიარა: Film Print-ის ახალი ნომერი მკითხველებს პირადად წარუდგინეს Galleria Tbilisi-ში ქართველმა მსახიობებმა. მათ შორის იყვნენ ნატო მურვანიძე, ნიკა თავაძე, ბერტა ხაფავა, ია შუღლიაშვილი, ია სუხიტაშვილი, მიშა გომიაშვილი, ზურაბ ანთელავა, თემიკო ჭიჭინაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, მარიშკა დიასამიძე და სხვები.
კინოცენტრში, რომელიც გამოცემის სპონსორია, აღნიშნავენ, რომ ჟურნალის რებრენდინგი თანამედროვე ტენდენციებით არის განპირობებული.
ჟურნალში იქნება ბევრი რეცენზია, ინტერვიუ და საერთაშორისო ფესტივალებზე ქართული ფილმების გამარჯვებებზე საერთაშორისო პრესის გამოხმაურება. 36 გვერდი საერთაშორისო არენაზე ქართველი რეჟისორების ფილმების მონაწილეობას დაეთმობა.
ქართული კინო ლონდონში: ბრიტანელები კლასიკასა და სიახლეებს გაეცნობიან >>
ტრადიციულად, ჟურნალის ნომრები ხალხმრავალ ადგილებში უფასოდ დარიგდება.