20:39 24 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1442
  • 100 RUB4.4129
  • USD2.7798
საქართველოს პავილიონი გამოფენაზე ფრანკფურტში

როგორ წარდგება საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

© Photo: Courtesy of Georgian National Book Center
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა–2018 (806)
12810

„ხასიათებით შექმნილი საქართველო“ - ამ სლოგანით წარდგება საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. როგორ წარდგება საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე, სადაც ქვეყანა საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას, განიხილებოდა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის პრეზენტაციაზე.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი.

ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პლატფორმა, ქართველ ავტორებსა და გამომცემლებს მომხმარებლების წრის გაფართოებისა და ახალი მკითხველების მოზიდვის უნიკალურ შანსს მისცემს, აღნიშნა გიორგაძემ.

„ეს არის უნიკალური პლატფორმა როგორც მთლიანად ქვეყნისათვის, რადგანაც ის შესაძლებლობას გვაძლევს წარმოვაჩინოთ არამარტო ჩვენი კულტურა, ისტორია, ტრადიციები, არამედ ჩვენი თანამედროვეობა, ასევე ის ფუნდამენტური ევროპული ღირებულებები, რომლებსაც საქართველო იზიარებს“, — განაცხადა მინისტრმა.

მეტრეველი თქმით, საქართველო ფრანკფურტის ბაზრობაზე წარდგება სლოგანით „ხასიათებით შექმნილი საქართველო“ (Georgia Made by Characters). ამ პროექტის მულტიმედიურ კონცეფციაზე დეტალი ინფორმაცია მოცემულია ვებგვერდზე.

მეტრეველის თქმით, მხოლოდ 2018 წლის მარტში გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის ქალაქებში 27 ქართველი თანამედროვე ავტორის 50 ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება. მწერლებს შორის, რომლებიც აუდიტორიის წინაშე წარდგებიან, არიან აკა მორჩილაძე, ნაირა გელაშვილი, რატი ამაღლობელი, ლევან ბერძენიშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ლაშა ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე, ბონდო მაცაბერიძე, ირმა შიოლაშვილი და სხვ.

ქართულ პროგრამაში გაიმართება ოთარ ჭილაძის, ილია ზდანევიჩის, გურამ ასათიანის და მიკა ალექსიძის ნაწარმოებების გერმანული ნათარგმნების პრეზენტაციები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ლიტერატურული პროგრამა სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის 450 ღონისძიებას მოიცავს. ამ პროგრამის დეტალები ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, 15 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

პარლამენტის ბიბლიოთეკაში გამართულ პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურული ინსტიტუციების წარმომადგენლები, ლიტერატორები, მწერლები და გამომცემლები.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მხოლოდ ლიტერატურისა და საგამომცემლო, არამედ მთლიანად კულტურის სფეროში. ყოველწლიურად ღონისძიება დაახლოებით 300 ათას სტუმარს მასპინძლობს და დაახლოებით 400 ათას წიგნს წარმოადგენს. 

პირველ სამ დღეს ღონისძიებას საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებიან, ხოლო მომდევნო ორ დღეს ის ყველასთვის ღიაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500-წლიანი ისტორია აქვს.

ტრადიციულად, გამოფენაზე ერთ-ერთი ქვეყანა საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. 2017 წელს საპატიო ქვეყნების სტატუსით მონაწილეობდნენ ფლანდრია და ნიდერლანდები. 2018 წლის ოქტომბერში ამ სტატუსით საქართველო წარდგება. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან ამ სტატუსზე მოლაპარაკებები ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, ხოლო ოფიციალური შეთანხმება 2014 წელს გაფორმდა.


თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)

მთავარი თემები