ვინ წარადგენს საქართველოს „ევროვიზია 2018“-ზე

© FB / Iriao ჯგუფი Iriao
ჯგუფი Iriao - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფ Iriao-ს რეპერტუარი ჯაზისა და აუტენტიკური ქართული ეთნომუსიკის უნიკალური ნაზავს წარმოადგენს

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია 2018“ საქართველოს ჯგუფი Iriao წარადგენს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჯგუფი Iriao ასრულებს ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის  ვირტუოზულ უნიკალურ ნაზავს. ჯგუფის დამაარსებელი და მისი მუასიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია მიიჩნევა ერთ-ერთ ქართველ კომპოზიტორად, რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა. ოცდაათი წლის მანძილზე მალაზონია ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრისათვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისათვის. მისივე ინიციატივით თბილისში დაარსდა ანსამბლი Iriao, რომლის დებიუტი 2013 წელს შედგა.

მალაზონიას გარდა, ჯგუფის წევრები არიან დავით ქავთარაძე, შალვა გელეხვა, ლევან აბშილავა, გიორგი აბაშიძე, ბიძინა მურღულია და მიხეილ ჯავახიშვილი.

„ევროვიზია 2018“ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება, წინა წლის კონკურსზე კიევში სალვადორ სობრალას გამარჯვების წყალობით, რომელმაც სიმღერა Amar pelos dois შეასრულა. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალები 2018 წლის 8 და 10 მაისს გაიმართება, ფინალი — 12 მაისს.

სიმღერის კონკურს „ევროვიზია-2018“-ის ორგანიზატორებმა მონაწილე ქვეყნების სია გამოაცხადეს — მასში საქართველოს ჩათვლით 42 ქვეყანა შევიდა. მონაწილე ქვეყნებს შორის არიან ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, სომხეთი, ბელარუსი, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, გერმანია, საბერძნეთი, საქართველო, დანია, ისრაელი, ისლანდია, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, რუმინეთი, სან-მარინო, სერბეთი, სლოვენია, უკრაინა, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ჩეხეთი, შვეიცარია, შვედეთი, ესტონეთი.

კონკურსის ლოგო ზღვის თემატიკას უკავშირდება, მისი ოფიციალური დევიზია „ყველანი ბორტზე!“, რაც ასევე გამოხატავს პორტუგალიის განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას, რომელიც დანარჩენ ევროპას ატლანტიკურ ოკეანესთან აკავშირებს. 


ყველა ახალი ამბავი
0