14:58 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ცნობილი კინორეჟისორი დევიდ ლინჩი

საქართველოს ცნობილი კინორეჟისორი დევიდ ლინჩი ეწვევა

© AFP/ Valery HACHE
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
31 0 0

საქართველოში დევიდ ლინჩის კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის, დევიდ ლინჩის ვიზიტი 2017 წლის 18-21 ნოემბერს იგეგმება, იუწყებიან საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში.

კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კავკასიაში „დევიდ ლინჩის ფონდის“ (DLFC) ხელმძღვანელს, გიგა აგლაძეს და მის გუნდს შეხვდა და აღნიშნული საკითხი განიხილა.

შეხვედრის დასასრულს მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის მასპინძლობა და მის ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივებზე საუბარი საქართველოსთვის უდიდეს შესაძლებლობას წარმოადგენს.

„მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგრამების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საინტერესო საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის განხორციელება. დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის ოფისის დაფუძნება თბილისში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ქართველი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძე, საქართველოს როგორც კინოინდუსტრიის განვითარების ასევე, საგანმანათლებლო სფეროში ახალი პროექტების განხორციელების ისტორიულ შესაძლებლობებს აძლევს", — განაცხადა ჯაშმა.

ძირითად საკითხებს შორის, რომელთა განხილვა საკულტო რეჟისორთან იგეგმება, არის დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში. ასევე იგეგმება А კლასის საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტთან დაკავშირებული დისკუსია, რომლის დეტალებსაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავს.

გარდა ამისა, დევიდ ლინჩის ფონდის ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულ პირთა მასშტაბური სარეაბილიტაციო სოციალური პროგრამა.

მარიამ ჯაშის განცხადებით, „დევიდ ლინჩის ფონდის“ მიერ წარმოდგენილი ყველა ინიციატივა თანხვედრაშია საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებთან. ისინი მიმართულია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციაზე და იმაზე, რომ საქართველო რეგიონის საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბდეს, განსაკუთრებით ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებაში, როგორიც არის კინემატოგრაფია, განაცხადა ჯაშმა.

გიგა აგლაძის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დევიდ ლინჩი ფართო აუდიტორიასთან გამართავს შეხვედრებს, გაიმართება მისი ფილმების ჩვენებაც.

„ჩვენი ქვეყნისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია, კინემატოგრაფიის ენაზე რომ ვთქვათ, ასეთი ახლო ურთიერთობა ჰოლივუდთან და დიდ რეჟისორებთან, ვინაიდან დევიდ ლინჩის ფონდი 250 ცნობილ სახეს აერთიანებს, მათ შორისაა მარტინ სკორსეზე და ა.შ და ა.შ. ვფიქრობთ, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება. ამ ფონდის გახსნით საქართველოში და კავკასიაში, ჩვენ არა თუ უკვე მივუახლოვდით ამ ადამიანებს, პირიქით საქართველოში ველოდებით მათ. სულ მალე საქართველოში ჰოლივუდის ყველა ის ვარსკვლავი ჩამოვა, რომელთა ნახვაც აქამდე მხოლოდ კინოეკრანზე შეგვეძლო", — განაცხადა გიგა აგლაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფონდის დამფუძნებელი კონსტანტინე ბათმანიდი, მრჩეველი კომუნიკაციის საკითხებში ნინა ცაგარელი და მრჩეველი მარიამ თოიძე.

კავკასიაში „დევიდ ლინჩის ფონდი“ 2017 წლის 25 ივლისს დაარსდა და იგი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ფონდი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. გარდა უნივერსიტეტის დაარსებისა და კინოვარსკვლავებთან შეხვედრების ორგანიზებისა, ფონდის მიზანია ტრანსცენდენტალური მედიტაციის პროგრამის მეშვეობით ტრამვისა და ტოკსიკური სტრესის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობის, შემეცნებითი უნარების და შრომისუნარიანობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრირება.

„დევიდ ლინჩის ფონდი“, როგორც არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, 2005 წელს დააფუძნეს. იგი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს მედიტაციის სწავლის საშუალებას აძლევს. ლინჩი მიიჩნევს, რომ მედიტაცია ცნობიერების გაგაფართოებაში ეხმარება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მის შემოღებას ემხრობა, რადგან თვლის, რომ ეს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას და აგრესიის შემცირებას დაეხმარება.

დევიდ ლინჩი — რეჟისორი, მწერალი და პროდიუსერია და ასევე „დევიდ ლინჩის ფონდის იდეალური განათლების განვითარებისათვის და მთელს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისათვის" სამეურვეო საბჭოს დამფუძნებელი და დამაარსებელი. ლინჩის ფონდში ცნობილი არტისტები არიან გაერთიანებული.

მთავარი თემები