თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. გამოჩენილი რუსი პოეტის ევგენი ევტუშენკოს დაბადებიდან 85 წლისთავთან დაკავშირებით 19 სექტემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება მუსიკალურ-პოეტური საღამო „მადლობელი ვარ მარად".
„მის ლექსებზე მუსიკის დაწერას დიდ პატივად მიიჩნევდნენ თანამედროვეობის ყველაზე გამოჩენილი კომპოზიტორები — ანდრეი პეტროვი, მიქაელ ტარივერდიევი, არნო ბაბაჯანიანი, ედუარდ კოლმანოვსკი, ანდრეი ეშპაი… ევგენი ევტუშენკოს ლექსებზე შექმნილი 19 დიდებული სიმღერა აჟღერდება შეუდარებელი მაია ბარათაშვილის შესრულებით, ხოლო პოეტის საუკეთესო ლექსებს წაიკითხავენ გრიბოედოვის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობები — არჩილ ბარათაშვილი, ივანე ქურასბედიანი, ოლეგ მჭედლიშვილი", — აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების — საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის Русский клуб განცხადებაში.
ევტუშენკოს ხსოვნის საღამოზე „რუსკი კლუბი" სტუმრებს წარუდგენს პოეტისადმი მიძღვნილ მორიგ წიგნს – ინა ბეზირგანოვას След любви. Евгений Евтушенко სერიიდან Русские в Грузии („რუსები საქართველოში").
კონსერვატორიის ფოიეში გაიმართება ფოტოგამოფენა „ევგენი ევტუშენკო საქართველოში". ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მოსაწვევებით.
რუსი, საბჭოთა პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი ევგენი ევტუშენკო დაიბადა 1932 წლის 18 ივლისს ირკუტსკის ოლქში.
პირველი ლექსი ევტუშენკომ 5 წლისამ დაწერა. პირველი ნაწარმოები 17 წლისამ გამოაქვეყნა, პირველი წიგნი გამოსცა 20 წლისამ. მას შემდეგ ევტუშენკოს ასზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული.
პოეტი მრავალი ორდენისა და პრემიის მფლობელია.
ევტუშენკო დაქორწინებული იყო ბელა ახმადულინაზე, სოკოლ-ლუკონინაზე, ჯან ბატლერზე და მარია ნოვიკოვაზე.
ევგენი ევტუშენკო 85 წლისა აშშ-ში გარდაიცვალა.