ვაჟა-ფშაველას დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე: თელავში რესტავრაცია დასრულდა

© FB / culturegovgeთელავის დრამატული თეატრი
თელავის დრამატული თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თელავის თეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა და სპექტაკლი გაიმართა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის პროფესიონალურ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი სიცოცხლე აჩუქეს, იუწყებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

უწყების მხარდაჭერით განხორციელდა თეატრის ფასადის რეკონსტრუქცია, მოეწყო თეატრში გათბობა-გაგრილების სისტემა; გარემონტდა დერეფნები და საგრიმიოროები.

თეატრის წინ ასევე დამონტაჟდა მონიტორი თეატრის სარეკლამო რგოლებისთვის. საქართველოს კულტურის სამინისტრომ თეატრს მის მფლობელობაში არსებული ვაჟა-ფშაველას ბიუსტი საჩუქრად გადასცა, რომელიც ფოიეში განთავსდა.

კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თელავის თეატრი დაათვალიერა.

„მთლიანად შეიცვალა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თეატრის ფასადს. ამის გარდა, დამონტაჟდა ახალი გათბობის სისტემა, გაკეთდა კორიდორები და ყველა საგრიმიორო ოთახი. მინდა მივულოცო თეატრს, თელაველებს და თითოეულ ჩვენგანს ამ რეკონსტრუქციის დასრულება", — განუცხადა ჟურნალისტებს გიორგაძემ.

© FB / culturegovgeსცენა სპექტაკლიდან „ვინ გატეხა ქოთანი".
Показ спектакля Кто разбил кувшин?! в Телавском театре - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან „ვინ გატეხა ქოთანი".

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პაატა გულიაშვილის თქმით, ვაჟა-ფშაველას თეატრი ყოველთვის იყო თელავის კულტურული ცენტრი. სპექტაკლების გარდა, თეატრი მაყურებელს სთავაზობს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, მათ შორის ელისო ვირსალაძის ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს, რომელსაც თეატრი უმაღლეს დონეზე ჩაატარებს.

„ყოველთვის გვქონდა პრობლემა, ვირსალაძე ხუმრობდა, რომ ხელთათმანებით დაკვრა უწევს. იმედია, ეს ხუმრობა ისტორიას ჩაბარდება", — აღნიშნა გულიაშვილმა.

განახლებული თელავის თეატრის დათვალიერების შემდეგ მიხეილ გიორგაძე დაესწრო სპექტაკლს „ვინ გატეხა ქოთანი?!", რომელიც ჰაინრიხ ფონ კლაისტის პიესის „გატეხილი ქოთანი" მიხედვითაა დადგმული (რეჟისორი — რობერტ სტურუა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე).

 

ყველა ახალი ამბავი
0