20:55 14 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ანსამბლი „თეატრონი გასტროლებზე საფრანგეთში

ანსამბლი „თეატრონი“ ფრანგულ მუსიკალურ ფესტივალზე წარდგა

FB/Lela Goliadze
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
47681

სულ ახლახან ანსამბლი „თეატრონი“ დაბრუნდა საფრანგეთიდან, სადაც ქალაქ ბელფორში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე „ფიმუ-2017“ მიიღო მონაწილეობა.

თავიდანვე ვიტყვით, რომ ეს ანსამბლი პირველია საქართველოდან, ვინც ფესტივალის 28 წლიანი არსებობის მანძილზე საქართველოს სახელით წარდგა. ფესტივალი მრავალფეროვანია და მასზე კლასიკა, ჯაზი, როკი, ფოლკლორი და თითქმის ყველა მუსიკალური მიმართულება იყო წარმოდგენილი. ამ ფესტივალზე ტრადიციულად უამრავი ქვეყანა იღებს მონაწილეობას და წელს მან თავის სცენაზე 32 ქვეყნის 1600 მუსიკოსი შეკრიბა. 

ლიკა ბარბაქაძე
ლიკა ბარბაქაძე

ჩვენ ანსამბლ “თეატრონის“ ხელმძღვანელს, ლელა გოლიაძეს და ანსამბლის წევრებს გავესაუბრეთ.

- ქალბატონო ლელა, როგორ მოხვდით ამ ფესტივალზე და როგორ მიგიღოთ უცხოურმა პუბლიკამ, რომელმაც შეიძლება ითქვას, პირველად მოისმინა ქართული სიმღერა?

— თავდაპირველად ბელფორში მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორს დავუკავშირდით.მას ჩვენი მასალები: სიმღერები, ფოტოები და ინფორმაციამივაწოდეთ, რის შემდეგ თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ყველაფერი ძალიან მოეწონა. ხუთი საათი ვიყავით გზაში და ჩასვლის დღესვე გვქონდა კონცერტი, მაგრამ დაღლის მიუხედავად ისე ვიყავით მობილიზებული, რომ ქართული სიმღერის ღირსეულად წარმოჩენა მაინც შევძელით. ყველა კატეგორიის მსმენელზე გათვლილი სერიოზული რეპერტუარი გვქონდა. 

- თანაც, ფესტივალზე მარტო ფოლკლორი არ იყო წარმოდგენილი…

— დიახ, მარტო ფოლკლორი არა, აქ წარმოდგენილი იყო: კლასიკა, ჯაზი, როკი,  მოკლედ თუკი რაიმე მიმართულებაა მუსიკაში, ყველა ჟანრი. რეპერტუარში გვქონდა აკაპელები, საგალობლები, რამდენიმე საფორტეპიანო ნაწარმოები, ქართულის გარდა ორი უცხოური სიმღერაც შევასრულეთ, იმის ნიშნად, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს ათვისებული. კლასიკური ნაწარმოებები და კამერული მუსიკა ადგილობრივ ეკლესიებში გაჟღერდა. თავიდან პატარ-პატარა სცენებზე ვმღეროდით, ბოლოს დიდ სცენაზე გამოვედით. ბელფორი შვეიცარიის ქალაქ ბაზელთან ახლოსაა და პატარა საეკლესიო კონცერტი შვეიცარიაშიც გვქონდა. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ჩვენს გამოსვლას მაყურებელი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. 

ანსამბლი „თეატრონი გასტროლებზე საფრანგეთში
FB/Lika Barbakadze
ანსამბლი „თეატრონი" გასტროლებზე საფრანგეთში

- შეუძლებელია, მაყურებელთა შორის ქართველიც არ ყოფილიყო, ყველაზე მეტად რომელი შეხვედრა დაგამახსოვრდათ?

— იმის გამო, რომ ჩვენი ანსამბლის ბანერები ყველგან იყო გამოკრული,ხალხი გვცნობდა. ქართულ სიმღერას ისედაც დიდი გამოხამურება აქვს ხოლმე და ჩვენ შემთხვევაშიც ამაღელვებელი სანახავი იყო ის, რომ თვალცრემლიანი გვისმენდნენ. “შენ ხარ ვენახის“ შესრულების დროს გასუსულები იყვნენ. მომღერალი ბიჭების ტრიო იყო ლიონიდან. ისინი ჩვენს მოსასმენად სპეციალურად მიდიოდნენ. ერთ-ერთ ბოლო კონცერტზე ჩვენთან იქ მცხოვრები, საშუალო ასაკის ქართველი მამაკაცი მოვიდა. მას დედა რუსი, მამა ქართველი ჰყავდა. ქართულად ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ როცა ვმღეროდით შორიდან გვეფერებოდა. „გენაცვალეო“ ხმამაღლა წარმოთქვამდა და მართლა ცხარე ცრემლით ტიროდა. მოკლედ ეს იყო ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო, ემოციური და კარგად ორგანიზებული ფესტივალი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის შემსრულებლების მიღება მაღალ დონეზე მოხდა. ეს ფესტივალი ჩვენთვის დაუვიწყარი ზღაპარი იყო… 

ანსამბლ “თეატრონის“ მომღერლები:

ლიკა ბარბაქაძე: „თეატრონისთვის“ ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი იყო. მსმენელის კულტურული დონე მაღალი გახლდათ. საოცარი იყო ის მუხტი,რაც დარბაზიდან მოდიოდა. მთელი ქალაქი გადაკეტილი იყო და ყველგან ფესტივალის სარეკლამო ბანერები იყო გაკრული. კონცერტები სხვადასხვა დარბაზში იმართებოდა. ჩვენ თან გვახლდა ჩვენი ანსამბლის მეგობარი, თავისი საქმის დიდი პროფესიონალი,ნიჭიერი რეჟისორი და ფოტოხელოვანი ლევან ტუღუში, რომელსაც ვსარგებლობ შემთხვევით და გაწეული შრომისთვის ყველას სახელით ვუხდი მადლობას.

რუსკა ტომარაძე:  ჩვენი ყველა გამოსვლა ემოციურად დატვირთული იყო, მაგრამ მაინც გამოვყოფდი ბოლო კონცერტს, რომელიც ულამაზეს დიდ დარბაზში გაიმართა. ჩვენს მიერ შესრულებულ ყოველ სიმღერას ისეთი აპლოდისმენტები და შეძახილები ახლდა თან, რომ ეს ემოცია ალბათ მთელი ცხოვრება გაგვყვება. კონცერტზე მოვიდნენ ქართველები, რომლებიც დიდი ხანია, საფრანგეთში ცხოვრობენ და ამ ქალაქში სპეციალურად ჩვენთვის ჩამოვიდნენ.

ანსამბლი „თეატრონი საფრანგეთში
FB/Lika Barbakadze
ანსამბლი „თეატრონი" საფრანგეთში

ნინო მამულაშვილი: იმ ხუთმა დღემ, რაც ბელფორში გავატარეთ საოცარი ემოციები დაგვიტოვა. ის მოგონებები დიდხანს გაგვყვება. ეს იყო განსაკუთრებული ფესტივალი, რომელსაც გემოვნებიანი მსმენელი ჰყავდა. 

მაკრინე ხაჭაპურიძე: პირადად მე, ვერც ერთ გამოსვლას ვერ გამოვყოფდი, რადგან ყველა მათგანი ემოციურად დატვირთული იყო. ფესტივალი მოწესრიგებული და კარგად ორგანიზებული გახლდათ და იგრძნობოდა, რომ ორგანიზატორები პროფესიონალები არიან. ჩვენ სხვა მონაწილეების კონცერტებსაც ვესწრებოდით, ერთმანეთის რეპერტუარს ვეცნობოდით და ამ ფესტივალის მანძილზე ძალიან კარგი ადამიანები გავიცანით…

 

მთავარი თემები