„განსაკუთრებული“ კრის ევანსით და კინო თბილისში: რა ვნახოთ 25-28 მაისს

გამოწერა
კეთილი ბიძია კრის ევანსი და ფანტასტიკური, დრამატული, საშინელი და სასაცილო ფილმების ნამდვილი კლონდაიკი - „Sputnik-საქართველო“ ტრადიციულად აგრძელებს ყველაზე „ცხელი" კინოპრემიერებისა და საინტერესო კინოფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა უქმეებზე არ უნდა გამოტოვონ.

„განსაკუთრებული“ (Gifted)  

რეჟისორ მარკ უების ამერიკული დრამა კრის ევანსით მთავარ როლში. ფილმი ახალგაზრდა და მარტოხელა ფრენკ ადლერზე მოგვითხრობს. ის ფლორიდის შტატის პატარა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს და პატარა ვუნდერკინდ დისშვილს, მერის ზრდის და ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც ეს მის გარდაცვლილ დას სურდა. თუმცა, მის გეგმებს ასრულება არ უწერია, რადგან შვიდი წლის გოგონას უჩვეულო მათემატიკურ ნიჭს ყურადღება ფრენკის მრისხანე დედამ ეველინმა მიაქცია. თურმე, ბებიას შვილიშვილისათვის სულ სხვა მომავალი სურს. საკუთარი მიზნების მისაღწევად მას ფრენკისთვის მეურვეობის ჩამორთმევაც შეუძლია. ევანსთან ერთად ფილმში მონაწილეობენ გრეის მაკკენა, ლინდსი დუნკანი, ჯენი სლეიტი და ოქტავია სპენსერი.

საინტერესო ფაქტები: 

სასამართლოს ოთახში, სადაც შეკითხებს მერის ბიოლოგიურ მამას უსვამენ, გოგონას სრული სახელი გაიჟღერს — მერი ირენ ადლერი. ირენ ადლერი — სერიალ „შერლოკიდან“ (2010) შერლოკ ჰოლმსის შეყვარებულის სახელია. 

გასული კვირიდან თბილისის კინოეკრანებზე გამოვიდა შემდეგი ფილმები:

ამერიკული სათავგადასავლო ფილმი „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან"  

რიდლი სკოტის ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი „უცხო: კოვენანტი" (Alien: Covenant) 

რეჟისორ ერიკ დ. ჰაუელის ამერიკულ-იტალიური დრამატული თრილერი „ხმა საფლავიდან" (Voice from the Stone) 

ქართველი რეჟისორის გიორგი ღაჭავას  დრამა „მტრები"  

ასევე თბილისის კინოთეატრებში იხილავთ — რეჟისორ გაი რიჩის  სათავგადასავლო ფილმ „მეფე არტურის ხმალს" (King Arthur: Legend of the Sword), საშინელებათა ამერიკულ ფილმს „თავს უშველე" (Get Out), რეჟისორ ბენ უიტლის ბრიტანულ ფილმს „დიდი შუხური" (Free Fire) და ამერიკულ ფილმს სუპერგმირებზე „გალაქტიკის მცველები 2" (Guardians of the Galaxy Vol. 2).

უქმეებზე ასევე ნახავთ რეზო გიგინეიშვილის თრილერს „მძევლები", რეჟისორ ფელიქს გერი გრეის და სცენარისტ კრის მორგანის ამერიკულ ბოევიკს „ფორსაჟი 8" (The Fate of the Furious).

მულტფილმები ბავშვებისთვის — გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის და ნორვეგიის წარმოების მულტფილმი „ყარყატის თავგადასავალი"(Richard the Stork), რეჟისორ ეშ ბრენონის სრულმეტრაჟიანი ჩინურ-ამერიკული მულტფილმი „როკ დოგი" (Rock Dog) და მარლა ფრეიზის წიგნის მიხედვით გადაღებული მულტფილმი „პატარა ბოსი" (The Boss baby).

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0