ეს მაესტრო რობერტ სტურუაა

© FB/Robert Sturuaრობერტ სტურუა
რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასზე უამრავი თქმულა, დაუწერიათ წიგნები, დისერტაციები, შრომები. საკამათო არ არის - რომ არა მისი დიდებული რეჟისურა, ქართული თეატრი გაღატაკდებოდა და შიმშილისაგან სული ამოხდებოდა.

ბატონ რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრში შევხვდი. მასთან საუბარი, ურთიერთობა დიდი საჩუქარია. მისი თითოეული სიტყვა, ფრაზა, პაუზაც კი მეტყველია, მრავალხრივი და დამაფიქრებელი. რობერტს სტურუა ერის სიამაყეა, ჭეშმარიტი შემოქმედი და თავისი სპექტაკლებით, ქართული ცნობიერების რჩეული ნიმუში, რომელიც ცოცხალ, ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს.

- ბატონო რობერტ, ყველა ასაკში იყო თანამედროვე — ეს ნიჭია თუ რეჟისორის პროფესიის შემადგენელი ნაწილია?.. 

— ამ კითხვაზე, რეჟისურის პროფესიის უკანასკნელი პედაგოგი — ბატონი მიხეილ თუმანიშვილი მახსენდება. თქვენ იცით, როცა ინსტიტუტში ვსწავლობდი, გავიფიცეთ და რექტორს ვუთხარით: თუ რეჟისურას თუმანიშვილი არ გვასწავლის, ლექციებზე აღარ მოვალთ. მეორე დღეს, სადაც ფიზკულტურის დარბაზია, იქ მოვიდა ბატონი მიშა და სამსაათიანი ლექცია ჩაატარა. იმ ლექციიდან დაიწყო ჩვენი ხელობის არსში წვდომა… მერე მასთან ოთხი წელი ვისწავლე, ნელ-ნელა პროგრამაც რთულდებოდა. 

ახლა ისეთი დრო დადგა, რომ სპექტაკლის დადგმა აბსოლუტურად ყველას შეუძლია. მოგეწონება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ხომ სიტყვა „სპექტაკლს“ აღარ ხმარობენ, ამბობენ „პროექტს“, რაც ძალიან მაღიზიანებს… როცა წარმოდგენას ვუყურებ, მაინტერესებს, რა სიახლეს მეტყვის რეჟისორი ცხოვრებაზე, თუნდაც კონცეფციის დონეზე.

- ცხოვრების ახალი მოდელი — მიხეილ თუმანიშვილის პრინციპი, ხომ?

— ვიცი, ეს იყო! მაგრამ იმ პერიოდში არ გაგვაგებინა კარგად. მერე, ბოლო პერიოდში მიხვდა ამას — რომ რეჟისორი, შეიძლება, კანტი და ჰეგელი არ იყოს, მაგრამ რაღაც ფილოსოფიური აზროვნება უნდა ჰქონდეს; ცხოვრებაზე, სამყაროზე რაღაც ახალს უნდა გიამბობდეს. სამყაროს აღქმაში ისე უნდა გაერკვე, როგორც  სხვადასხვა ფილოსოფოსები ერკვეოდნენ.

ეს ყველაზე კარგად ეტყობა ფილმს, ვინაიდან მეჩვენება, რომ თავისი აზროვნებით კინო უფრო მაღალ დონეზეა. იქ ამ კონცეფციების გამოტანა უფრო ადვილია, კინოში, შეიძლება, მსახიობმა არც იცოდეს, რას თამაშობს, სიუჟეტიც კი არ იცოდეს, მაგრამ მონტაჟის შემდეგ გამოდის შესანიშნავი… მახსოვს, ერთმა კინორეჟისრმა დამიძახა, ფილმში ჩემი დაკავება უნდოდა, მეუბნებოდა: მოხსენი ემოციები, ცივი, უფრო ცივი, ყინული, ყინული მომეციო… მე წამოვედი.

© FB/Robert Sturuaრობერტ სტურუა
რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო
რობერტ სტურუა

- თუმანიშვილზე ჩამოვარდა სიტყვა და გამახსენდა: ამას წინათ, დიდხანს ვკამათობდით მისეულ სცენურ კანონებზე. ბოლოს მითხრეს, რომ თუმანიშვილის სწავლება მოძველებულია. დღეს თქვენ განსაზღვრავთ რეჟისურის პროფესიას და მაინტერესებს, რატომ შეიძლება მიხეილ თუმანიშვილის სწავლება მოძველებულად ჩათვალონ?

— არა, ვარიანტი არ არსებობს. იცით, მიშა რა არის? ერთ მაგალითს მოგიყვებით: ლონდონში „სამ დას“ ვდგამდი. ქალაქის ცენტრში დაქირავებული ჰქონდათ დიდი დარბაზი და  რეპეტიციებზე ადრე მივდიოდი. ერთ დღეს ქუჩის მოპირდაპირე მხარეს შევედი — ფეხსაცმლის პატარა მუზეუმში, სადაც დაწყებული არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი ფეხსაცმელიდან, დამთავრებული დღემდე — ყველა ჯიშის ფეხსაცმელს ნახავდი. უბრწყინვალესი სანახაობა იყო… 

ბატონმა მიშამ გვასწავლა აუცილებელი რამ — ფეხსაცმლის კერვა. ანუ, ფეხი უნდა ჩაყო ისეთ მოწყობილობაში, რომ  სიარული გაგიადვილდეს. ეს პრინციპი არ უნდა დაარღვიო… მერე იწყება „გუჩი“, „შანელი“… უბრალო ყოფით საგანს, ამბავს როგორ გადაიყვან ხელოვნების დარგში — ეს უკვე სხვა არის! შეძლებ კი ამის გადატანას?.. მაგრამ ფეხსაცმელი, რომელიც სიარულს გაგიადვილებს, ეს აუცილებელი კანონია. ფეხსაცმელი, რომელშიც ვერ გაივლი, აღარ არის ფეხსაცმელი.

- არჩვეულებრივი პარალელია, ბატონო რობერტ! თუ ფეხშიშველი დადიხარ ცხელ უდაბნოში, ყინულიან ტრამალზე, ანუ, შენ არ იცი, ამ დროს რა ჩაიცვა… მიმაჩნია, რომ თქვენი სპექტაკლი „დაკანონებული უკანონობა“ ბოლო ოცი წლის გამოცდილებით შეიქმნა და აფეთქდა ბავშვური სილაღით,  ჩინებული იუმორით, თუმც იუმორი არ გაკლდათ… ჩემი ბავშვობის უდიდესი შთაბეჭდილებაა „კავკასიური ცარცის წრე“, მერე კონსტანტინე რაიკინის ჰამლეტის თქვენეულმა ვერსიამ მომხიბლა, ჟანრი ლოლაშვილის ლუარსაბი ბრწყინვალე იყო და ახლა შემიყვარდა „დაკანონებული უკანონობა“.

— ძალიან კარგი! თუ არ ცდები…

- მერე რა, შევცდე! 

— არა, კი არ გაყვედრი! ასეთ გამოძახილს არ ველოდით, დაწყებული უბრალო მაყურებლიდან, დამთავრებული პროფესიონალი კრიტიკოსებით… ისეთი შეგრძნება მაქვს — ხომ არ მოეჩვენათ! ასეთი რამ სულ მახლავს. რასაკვირველია, ძალიან მიხარია! 

ახალ სპექტაკლში დღევანდელი საქართველოს, დღევანდელი მსოფლიოს მოდელი გამოჩნდა. საქართველოს უახლეს ისტორიაზე დაკვირვების გამაოგნებელი შედეგი მაყურებლის თვალწინ გაშიშვლდა. ადამიანურობა განწირულია, უმადურობა სვავით დასტრიალებს მსხვერპლს და მის დასაკორტნად იღწვის, მაგრამ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“

დაბადების დღეს გილოცავთ,  მაესტრო!

ყველა ახალი ამბავი
0