თბილისში წინასაახალწლოდ მორიკონეს, ლეგრანისა და ყანჩელის შედევრები აჟღერდება

გამოწერა
თბილისის საკონცერტო დარბაზის ეკრანზე ჩარლი ჩაპლინის, მარჩელო მასტროიანის, სოფი ლორენისა და სხვათა მონაწილეობით ლეგენდარული კინოფილმებიდან ფრაგმენტებს აჩვენებენ.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, 29 დეკემბერს დაგეგმილ წინასაახალწლო კონცერტზე, ქართველი მუსიკოსების შესრულებით „მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ აჟღერდება.

თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ენიო მორიკონეს, ნინო როტას, მიშელ ლეგრანის, ლალო შიფრინის, ჯონ უილიამსისა და გია ყანჩელის მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდება.

 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე, საოპერო დივა ანიტა რაჭველიშვილი, სოლისტები გიორგი ცაგარელი, გიორგი შამანაური და რეზო კიკნაძე. საღამოზე დაუკრავს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ცნობილი ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

მსოფლიო ჰიტების პარალელურად, ეკრანზე ტრანსლირებული იქნება ფრაგმენტები ლეგენდარული კინოფილმებიდან ჩარლი ჩაპლინის, მარჩელო მასტროიანის, სოფი ლორენისა და სხვათა მონაწილეობით.

საღამოს განმავლობაში ნიკოლოზ რაჭველი მსმენელს მსოფლიო კინემატოგრაფის გამოჩენილი მოღვაწეების შესახებ უამბობს. გარდა ამისა, საღამოს სტუმართა ყურადღებას მიიქცევს ნაწყვეტები ცნობილი ქართული ფილმებიდან და დიდი ქართველი მსახიობების პორტრეტები. 


ყველა ახალი ამბავი
0