თბილისური უქმეები 11-13 დეკემბერი

© photo: Sputnikновогодние украшения - Рождественская ярмарка
новогодние украшения - Рождественская ярмарка - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ოდესმე დაფიქრებულხართ სად ხვდება ის ხალხი ვინც უქმეებს მცონარობაში ატარებს? მართალია — კვლავ მოსაწყენ სამსახურში! და სანამ ეს გარდაუვალი და დაუნდობელი, მძიმე ორშაბათი დამდგარა — დატკბით თბილისური უქმეების მშვენიერებით!

 პარასკევი, 11 დეკემბერი

 რაც არ უნდა ხდებოდეს ირგვლივ — იცეკვეთ… იცეკვეთ… და აღმოაჩინეთ საკუთარი მე! მხურვალე, თავისუფალი, ამოსუნთქვასავით ბუნებრივი სალსა — სწორედ ის არის რაც მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ ფრთებს შეგასხამთ! ამაში კი პროფესიონალი ინსტრუქტორები გაგეხმარებიან, დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში — მეიდანზე, BCN Hispania-ში დაგეგმილ სალსას საღამოზე. იგი  20:00 საათზე დაიწყება და თქვენი უქმეების ნამდვილად პოზიტიური დასაწყისი იქნება! 

 ცეკვის შემდეგ განტვირთვისათვის, შეგიძლიათ საქველმოქმედო კონცერტზე შეიაროთ,  სადაც ქართული ესტრადის ვარსკვლავები გიმასპინძლებენ: მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, დათო კენჭიაშვილი და ნინო ბაშარული, ჯგუფი „ეგარი“, კვინტეტი „ურმული“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „სალხინო“ და სხვები. 

გიგი დედალამაზიშვილი - Sputnik საქართველო
ჯგუფი „მგზავრები“ რუსეთში წინასაახალწლო კონცერტს გამართავს

აბსურდის თეატრი ქართულად!

ფრანკო-რუმინელი დრამატურგის ეჟენ იონესკოს ცნობილი პიესის „მელოტი მომღერალი ქალი“  ზურაბ გეწაძისეული დადგმა, შეგიძლიათ ნახოთ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე. მთავარ როლებში ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობები: ვანო თარხნიშვილი, ნანა შონია, თემო ნატროშვილი, გიორგი ნაკაშიძე და სხვები.

 შაბათი, 12 დეკემბერი 

 კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი უკრაინელი მომღერლის მარიანა სადოვსკას უნიკალურ კონცერტზე გიწვევთ. გარდა იმისა, რომ ნახავთ და მოისმენთ ამ სახელგანთქმული მომღერლის მუსიკას, პოეზიასა და თანამედროვე პერფორმანსს, საშუალება გექნებათ მასთან უშუალო საუბარშიც მიიღოთ მონაწილეობა. კონცერტი საღამოს 20:00 საათზეა დაგეგმილი. 

 „სუხიშვილი“, „რუსთავი“, „ხორუმი“, „სამაია“, „როკვა“, „ნართები“ — ყველა ეს ლეგენდარული ქართული ანსამბლი ერთ სცენაზე შეიკრიბება იმისათვის, რომ საქართველოს სახალხო არტისტს, მსოფლიო ფესტივალების არაერთგზის ლაურეატსა და დამსახურებულ ქორეოგრაფს რეზო ჭანიშვილს შემოქმედებით მოღვაწეობის 65 წლის იუბილე მიულოცოს. კონცერტის დასრულების შემდეგ, დიდი საკონცერტო დარბაზის — ფილარმონიის წინ რეზო ჭანიშვილის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია შედგება. ქართული ლეგენდარული ანსამბლების ასეთი ვარსკვლავთცვენა ერთ სცენაზე საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, ასე რომ, გირჩევთ  - არ გამოტოვოთ!

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. XV ტურის ანონსი

ტრადიციულად სასიამოვნო ამბები გვაქვს სპორტის გულშემატკივრებისათვის!

ფეხბურთის მოყვარულებს დედაქალაქის „ბენდელას“ სტადიონზე  14:00 საათზე „საბურთალოსა“ და „ჩიხურას“ მატჩზე გიწვევთ. მატჩი საქართველოს  ფეხბურთის ჩემპიონატის XV-ე ტურის ფარგლებში გაიმართება. ხოლო კალათბურთის მოყვარულებს კი  საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატის IX ტურის მატჩები ელოდებათ. თბილისის სპორტის ახალ სასახლეში ჩემპიონატს პირველები „სოხუმი“ და „ოლიმპი“ გახსნიან. მათი შეხვედრა 11:45 საათზე დაიწყება. 14:00 საათზე მოედანზე „მგზავრები“ და „ბათუმი“ გამოვლენ. ჩემპიონატის ლიდერი „ქუთაისი“ თავის მოწინააღმდეგეს „აკადემიას“ 16:00 საათზე შეხვდება. ხოლო ჩემპიონატის IX ტურის პროგრამას „დინამოსა“ და „რუსთავს“ შორის შეხვედრა დაასრულებს.

კვირა, 13 დეკემბერი

სკანდალურად ცნობილი ვენესუელელი მხატვრის როდოლფო ვილლაპლანას (Rodolfo Villaplana) ნეორეალისტურ ტილოებს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს. „დუშანი მკვდარია“- ასე ჰქვია ახალგაზრდა მხატვრის ექსპოზიციას, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის მსგავსებასა და განსხვავებაზე მოგვითხრობს. ამ თამამი შემოქმედების ნახვა ნამდვილად ღირს!

მუსიკოსი კოკა ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ბლიუზის ქართველი მომღერლის სიმღერები ,,ზაზანოვაში“

 იმავე საღამოს კლუბ „ზაზანოვაში“ ვირტუოზი გიტარისტის, მომღერლის და ბლიუზ–ბენდის “KOKA & T.BLUES MOB“ ხელმძღვანელის, კოკა ცქიტიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება, რომლის დევიზია:  „თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ წვლილი კოკას გამოჯანმრთელებაში“. მუსიკოსს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც  დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. კლუბ "ზაზანოვაში’’ 20:00 საათზე დაგეგმილ კონცერტზე შემოსული თანხა, მთლიანად კოკა ცქიტიშვილის ანგარიშზე გადაირიცხება. ისიამოვნეთ კონცერტით და იყავით ქველმოქმედნი!

… და უქმეების სასიამოვნო დასასრული შეიძლება გახდეს თბილისის ხელოვნების გალერეაში „ორნამენტი“, ტიხრული მინანქრის გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით „შობა მოდის“. აქ შეძლებთ დაათვალიეროთ და ნახოთ საავტორო სათამაშოები ნაძვის ხისათვის, ორიგინალური ხელთნაკეთი საშობაო დეკორაციები ქართული ფოლკლორის პერსონაჟებით. გამოფენა 2016 წლის 7 იანვრამდე გასტანს. 

ერთი სიტყვით, მზადება დამდეგი ახალი წლისათვის — გახსნილად ცხადდება!

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქში EPICA Days in Tbilisi 2015 იწყება

სამი დღე მარკეტოლოგებისათვის. თბილისში უქმეებზე "EPICA Days in Tbilisi 2015" ტარდება. ამიერკავკასიის სარეკლამო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე საქართველოს დედაქალაქში შეიკრიბებიან სარეკლამო კომპანიები, მარკეტინგისა და კომუნიკაციის მწარმოებლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. "ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრის სტუმრები  მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროებში არა მხოლოდ მსოფლიო უკანასკნელ მიღწევებს გაეცნობიან, არამედ მიეცემათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები გლობალურ EPICA AWARDS–ზე.

EPICA Days in Tbilisi 2015 მოიცავს სემინარებს, მასტერკლასებს, დიაკუსიებსა და ვიდეოჩვენებებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ  ღონისძიების მოდერატორია ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი და რეკლამის, ბრენდინგისა და მარკეტინგის თაობაზე შექმნილი წიგნის ავტორი მარკ თანგეითი (Mark Tungate).

პოპულარული მარკეტოლოგი ლექციებს კითხულობს პარიზის ხელოვნებისა და  დიზაინის სკოლაში Parsons, და ასევე ატარებს ტრენინგებს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე მედიისა და კომუნიკაციის სფეროს პროფესიონალებისთვის. 

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ თბილისელ მარკეტოლოგებს ეძლევათ შესანიშნავი შანსი, საკუთარი ნამუშევრები პირადად წარუდგინონ პირადად მარკ თანგეითს. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონკურს EPICA AWARDS–ის საუკეთესო სარეკლამო პროდუქტის გამარჯვებულის დაჯილდოება. 

ყველა ეს ღონისძიება Expo-Georgia-ს საგამოფენო დარბაზში გაიმართება.

SPUTNIK საინტერესო და მხიარულ უქმეებს გისურვებთ!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0