,,ხელოვანის ბედნიერება საკუთარი იდეის გამოხატვაშია“

© გ. კუხალაშვილიგიორგი კუხალაშვილის ნახატი
გიორგი კუხალაშვილის ნახატი - Sputnik საქართველო
გამოწერა

  სალომე გურგენიძე

 დღეს მხატვარ გიორგი კუხალაშვილს გაგაცნობთ. 2010 წელს მან საკუთარი სახელოსნოს ბაზაზე დააფუძნა ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანება,,ხელოვნების ენა". შემოქმედებით საქმიანობაში უამრავი ახალგაზრდა მხატვარი და მოქანდაკე ჩაერთო. მათ ეკუთვნით გახმაურებული პროექტი —,,ცნობილი ადამიანების პორტრეტები“. ახალგაზრდა მხატვრებმა   ქართველ ხელოვანებზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს. 2011 წელს გიორგი კუხალაშვილის ნახატმა გაიმარჯვა კონკურსში,,ლევ ტოლსტოის სამყარო". მხატვრის შემოქმედებითი ინტერესის სფეროს რელიგიურ–მისტერიალური თემები წარმოადგენს.

- გიორგი, თავდაპირველად თქვენს მიერ დაარსებულ სახელოსნოზე მოგვიყევით…

 -ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა. მამაჩემი ქალაქში ცნობილი ხელოვანი ჯემალ კუხალაშვილია. ჩვენს ოჯახში ყოველთვის იკრიბებოდნენ მხატვრები. მოდიოდნენ მამას მეგობრები და სულ იყო ხელოვნებაზე საუბარი, კომპოზიციის გარჩევა. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მოდი, დავაარსოთ ორგანიზაციაო, მამაჩემის კონსულტაციით ყველა თემა გავიარე და დღეს უკვე გვყავს: 20 პასიური წევრი, აქტიური წევრი,  დაახლოებით, 8 ვართ, რომლებიც ვიღებთ სხვადასხვა თემატურ გამოფენებში მონაწილეობას. გვქონდა ძალიან გახმაურებული პროექტი, ცნობილი ადამიანების პორტრეტები შევასრულეთ. როგორებიც არიან: ჯანსუღ ჩარკვიანი, რეზო ჩხეიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ზურაბ ყიფშიძე… ამ პროექტის ფარგლებში გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი, სადაც ეს ხელოვანი ადამიანები თავიანთ ცხოვრებაზე ჰყვებიან. ძალიან საინტერესო ფილმი გამოვიდა.

 -გიორგი, არაერთი გამოფენა გქონიათ საქართველოში და საზღვარგარეთ. რომელ ქვეყნებში იხილეს თქვენი ნამუშევრები?

-ყველაზე აქტიურად ჩემი ნამუშევრების გამოფენა ჰოლანდიაში  იმართებოდა. ერთ–ერთი კრიტიკოსი და გალერიის მეპატრონე  ჩემი შემოქმედებით დაინტერესდა. მან კრიტიკული წერილიც კი დაწერა ჩემზე, რომელიც ჩემს პირად კატალოგშია შესული.. 

-გიორგი, 2011 წელს თქვენ გაიმარჯვეთ კონკურსში,,ლევ ტოლსტოის სამყარო". რა ნამუშევარი წარადგინეთ იქ?

 -ეს ძალიან საინტერესო და კარგად მომზადებული კონკურსი იყო. ჟიურის წევრი  ტოლსტოის შვილთაშვილიც გახლდათ, რომელიც გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა. მე საკმაოდ მოზრდილი ნამუშევარი მქონდა წარდგენილი სახელწოდებით —,,ტოლსტოი თბილისში", რომელზეც ასახული იყო 25 წლის მწერალი. ის სამხედრო მისიით ჩამოვიდა თბილისში და  აქ მუზა ეწვია. ამ მოტივზე იყო აგებული ჩემი ნამუშევარი და  დიდი მოწონებაც დაიმსახურა. 

— გიორგი, როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ხელოვანი ბედნიერი იყოს?

-ვფიქრობ, ხელოვანის ბედნიერება საკუთარი თავის რეალიზებაშია, საკუთარი იდეის გამოხატვაშია. ყველა ადამიანი ერთი კონკრეტული იდეით იბადება. იდეათა სამყაროდან იღებს ერთ იდეას და მთელ ცხოვრებას ამ ერთი იდეის გამოხატვას ანდომებს..ხელოვანისთვის ბედნიერება იქნებ, თუ გარე სამყარო ხელს შეუწყობს იმაში, რათა მან ამ იდეის გამოხატვა შეძლოს. საქართველოში არაჩვეულებრივი გარემოა სამუშაოდ, ვიტყოდი, თითქმის შეუდარებელიც კი. მე ნამყოფი ვარ სხვადასხვა ქვეყანაში,  ზოგან კლიმატია ხელის შემშლელი,ზოგან კი, მაგალითად, საფრანგეთში ფერწერისადმი ინტერესი თითქოს ამოწურულია. საქართველოში ერთადერთი, რაც ალბათ ხელოვანს აკლია, ეს სახელმწიფოს მხრიდან ელემენტარული ხელშეწყობაა, რომელიც 80-იან წლებში უფრო იყო, ვიდრე დღეს არის… 

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.


ყველა ახალი ამბავი
0