ქართველებისგან ნასწავლი სიყვარული, ანუ ფოთის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი

© https://www.facebook.com/AdjaraGovGeБатуми. Аджария. море
Батуми. Аджария. море - Sputnik საქართველო
გამოწერა

 რუსუდან შაიშმელაშვილი

წელს ფოთი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თეთრ თოლიას“ უკვე მესამედ მასპინძლობს. ფესტივალზე მოწვეულია 24  ქვეყანა და კონკურსი რამდენიმე ნომინაციაში მიმდინარეობს. ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურია მოწვეული. ჩვენ შევხვდით ფესტივალის სულის ჩამდგმელს,  ქალბატონ დარეჯან გეფერიძეს და ინტერვიუც შედგა.

 — ქალბატონო დარეჯან, თქვენ ყოველწლიურად ატარებთ ამ ფესტივალს და იქნებ, მასზე უფრო კონკრეტულად გვიამობთ.

 — თავდაპირველად გეტყვით, რომ რომ ფესტივალი წელს უკვე მესამედ ტარდება იქ, სადაც საქართველოს კარიბჭეა, ანუ ფოთში. პირველივე ფესტივალზე  18 ქვეყანა იყო ჩამოსული 320 მონაწილით. მეორე ფესტივალი, შარშან იყო, სადაც 21 ქვეყანას ვმასპინძლობდით და წელს უკვე 24 ქვეყანას ველოდებით. გვყავს ასევე ძალიან საინტერესო საერთაშორისო ჟიური. ფესტივალი ხელოვნების ყველა დარგს მოიცავს. მასში მონაწილეობენ: საბავშვო თეატრები, მომღერლები, აკადემიური და კლასიკური მოცეკვავეები, ფოლკლორისტები, პოეტები და ლიტერატორები. ფესტივალი ტარდება, ტრადიციულად, ყოველ წელს 5-დან 9 ნოემბრის  ჩათვლით. თუმცა წელს გამონაკლისის სახით იგი 4-დან 8 ნოებრის  ჩათვლით გაიმართება იმიტომ, რომ საქართველოს სხვადასხვა კოლექტივებისათვის შაბათი და კვირა უფრო ხელსაყრელია. ფესტივალზე მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები: გერმანია, პოლონეთი, იტალია, მაკედონია,  ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა, უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი და აზერბაიჯანი.

 - როგორც წესი,  ამ რანგის საერთაშორისო ფესტივალის  ჩატარება საკმაოდ რთულია…

 - ძალიან რთულია, გეთანხმებით. თან ისეთი ქალაქისათვის, როგორიც  არის  ფოთი. ჩვენთან თითქმის არ  არის სასტუმროები და სტუმრებისთვის ფაქტობრივად ურეკისა და ქობულეთის  სასტუმროებს ვიყენებთ.მაგრამ სირთულეები დავძლიეთ, რადგან ასეთი ფესტივალის ჩატარების სურვილი ძალიან ძლიერი იყო. მე არაერთ ქვეყანაში ვიყავი ფესტივალის ჟიურის წევრი და როცა   ამ  ქვეყნებში ჩავდიიოდი,  სულ მთხოვდნენ, იქნებ  მსგავსი ფესტივალი საქართველოში გამართულიყო. მოგეხსენებათ, როგორი  სიტუაციაა, მაგრამ მაინც გავრისკე და უკვე მესამე წელია, კარგი ადამიანების  გვერდში დგომით, ეს ფესტივალი წარმატებით ტარდება. 

 - ქალბატონო დარეჯან, პირველ ფესტივალს ხომ არ გაიხსენებდით?

 - ეს მართლა სასწაული იყო. არავის სჯეროდა, რომ გამოვიდოდა. ყველა დაძაბული იყო ჩემს  გარდა. მახსოვს იტალიიდან ჩამოსული იყო მსოფლიო ელჩი და როდესაც ის თავის ქვეყანაში  დაბრუნდა, პრესკონფერენცია მოიწვია, რომელზეც განაცხადა: მე ვიყავი საქართველოში ძალიან ლამაზ, პატარა ქალაქში და 67 წლის  ქალმა ქართველებისაგან ვისწავლე, რა არის  სიყვარული, მეგობრობა და სტუმართმოყვარეობაო.

 - სახელმწიფო რამდენად  გიწყობთ  ხელს ამ საქმეში?

—  შეძლებისდაგვარად ორივე წელს დამეხმარნენ, მაგრამ ეს იყო ძალიან მწირი დახმარება. ჩვენ ქართველები ვართ და ყველაფერი მაინც მეგობრობაზე გადის. ყველაზე დიდი ადრენალინი იცით, როდის მივიღე?— როცა დამჭირდა ადამიანების გვერდში დგომა, ყველამ ერთიანად მომაკითხა  და  დღემდე ჩემს გვერდით არიან,  განსაკუთრებით  ჩემი მეგობრები. აუცილებლად უნდა ავღნიშნო ისიც, რომ ნავსადგური უკვე ორი  წელია ზურგს გვიმაგრებს.

 — რომელი  ქვეყნებიდან  არიან ჟიურიში მოწვეულები?

 - პოლონეთიდან, ლატვიიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან  და რასაკვირველია,  საქართველოდან. ჩვენი ქვეყნის მხრიდან ჟიურში იქნებიან: ლია ხორბალაძე, ლევან ანჯაფარიძე, ზაზა კოლელიშვილი, ლელა მაქაცარია, ლეილა ნოდია, ისრაელიდან ჩამოდის ბატონი  შოთა  წვენიაშვილი, ჩეხეთიდან ქალბატონი  ასმათ  შანავა, რომელმაც 5000 დოლარიანი  ფულადი  ჯილდო  დააწესა.

  შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების რაოდენობა 220  ადამიანს შეადგენს. ხოლო საქართველოდან ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა ფესტივალის ორგანიზატორებს ფოთში უნდა მიაკითხონ. 


 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0