მანანა ტურიაშვილი
ამ დღეებში დამოუკიდებელი თეატრალური პრემიის „დურუჯის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
2014-2015 წლის თეატრალური სეზონის საუკეთესო რეჟისორად დასახელდა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე, რომელმაც შარშან, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში წარმოადგინა მარჯანიშვილის თეატრისა და Emilia Romagna Teatro Fondazione-ს ერთობლივი პროდუქცია. ქართულ-იტალიურმა პროექტმა, რომელიც ორ ენაზე მიმდინარეობდა და იტალიელი და ქართველი მსახიობები თამაშობდნენ, უცხოელი სტუმრებისა და ქართველი მაყურებლების დიდი ინტერესი გამოიწვია.
2013 წელს, თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, ემილია რომანას თეატრი ჩამოვიდა და პიპო დელბონოს დასმა აღიარებული სპექტაკლი — „ბრძოლის შემდეგ“ — უჩვენა ქართველ მაყურებელს. ამ ცენტრის წარმომადგენლებმა ლევან წულაძის სპექტაკლები ნახეს და გადაწყდა თანამშრომლობა. მოლაპარაკების მთავარი საკითხი ავტორის შერჩევა გახდა, მაგრამ ვინაიდან ქართველ და იტალიელ მსახიობთა ენობრივი ბარიერი უნდა გაეთვალისწინებინათ, ისეთ ნაწარმოებზე შეჩერდნენ, სადაც ქმედითი ელემენტი ტექსტზე ძლიერი იქნებოდა, და ასე შეარჩიეს ნიკოლაი გოგოლის „შეშლილის წერილები“, რომელშც მთავარი გმირის სიზმრისეული ატმოსფერო სცენურ პრობლემებს გადაჭრიდა. პოპრიშჩინს ახალგაზრდა, ტანხმელი, ნათელი და გამჭირვალე გამომეტყველების იტალიელი მსახიობი მასიმო სკოლა ასრულებდა. სოფის ელეონორა ჯოვანარდი, ხოლო მის მოლაპარაკე ცუგას — მეჯის, მაღალი, ტემპერამენტიანი და ვნებიანი ქალი რობერტა დესტეფანო.
„სიყვარული მეორე სიცოცხლეა“, ამბობს სოფის ძაღლი მეჯი და სწორედ მეორე სიცოცხლეს ეძებს მისი მთავარი გმირი, ტიტულიანი მრჩეველი აკსენტი პოპრიშჩინი, რომლის გვარის ფუძე ასპარეზს, სარბიელს ნიშნავს. გოგოლის გმირს და შესაბამისად, ლევან წულაძის წარმოდგენის პერსონაჟს ორი ცხოვრება აქვს: ერთი ჩინოვნიკური და მეორე წარმოსახვითი, სიზმრისეული, სადაც ყველაფერი მოქნილია, სადაც ყველა გზა ხსნილი გაქვს და ფანტაზიებს უდიდესი გასაქანი ეძლევა.
„მარჯანიშვილის სარდაფის“ პატარა, მაგრამ გრძელი, სიღრმეში სიგრძივად გაშლილი სცენა, იტალიელი პოპრიშჩინის სარბიელი იყო, რომელიც ქართველი მაყურებლების ყოველდღიურ სარბიელზეც მიგვანიშნებდა. ვინ არ ამდგარა დილაობით და ვის არ დაზარებია ალიონზე იმ სამსახურში წასვლა, რომელიც მხოლოდ ფიზიკური არსებობის საშუალებას გაძლევს და მეტს არაფერს. ჩინოვნიკურ დეპარტამენტებში უამრავი ტექსტი იქმნება და ინახება — საკანცელარიო საბუთების წყება და წყება: ბეჭდიანი თუ უბეჭდო, მიმართვები, დანიშვნები, ბრძანებები. მათი გადაფურცვლა, შემოწმება, ჩასწორება, ვისთვის ნეტარებაა, ვინაიდან მიეჩვია ასეთ ცხოვრებას და გადაგვარდა ანუ ადამიანის, როგორც ინდივიდის, სახე დაკარგა; ხოლო ისეთი ადამიანებისათვის, როგორიც პოპრიშჩინია — დედამიწაზე არსებული ჯოჯოხეთია, სადაც წამების ათასნაირი იარაღი არსებობს: დირექტორთან ქედმოხრილი საუბარი, მისი ყველა ნება-სურვილის შესრულება, კალმის ფრთების შეკეთება, სამსახურში წამი-წამზე მისვლა და იქიდან წამი-წამზე გამოსვლა: არავითარი შემოქმედება, არავითარი ფანტაზია. ლევან წულაძის სპექტაკლის მთავარი გმირი ხვდება, რომ ერთი პროზაული ამბის გამო იბრძვის — ლუკმა-პურისთვის, როგორმე თვიდან თვემდე ხელფასის მოლოდინში ვალებით რომ განვლოს დაბადებიდან სიკვდილამდე გადებული გზა,რათა მერე ნება-ნება, ტაატით ჩაასვენონ საფლავში, საიდანაც აღარსად დააგვიანდება — არც ჩინოვნიკურ დეპარტამენტში და არც სიზმრებით გაჟღენთილ სასთუმალზე. პოპრიშჩინის პერსონაჟით (მსახიობი მასიმო სკოლა) რეჟისორი — ლევან წულაძე, სვამს პრობლემას: რა არის საკუთარი ცხოვრება და როგორ უნდა გახდე ამ ცხოვრების ავტორი, რათა თავი ჭეშმარიტ ადამიანად იგრძნო. პოპრიშჩინი ჩინოვნიკურ სამყაროში ჩამოყალიბებული წეს-კანონებით ცხოვრობს. ასე სულდგმულობს ჩინოვნიკური იერარქიის ყველა საფეხურზე მდგომ ადამიანთა მთელი არმია, რომელიც დღევანდელი სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მაღალანაზღაურებად, ძალაუფლების მქონე პირებს და ხელფასისთვის ხელგაწვდილ უბრალო მოხელეებს — ორივე სახეობას, არა ჭეშმარიტი ცხოვრება აქვთ, ვინაიდან მათი ნიღბები წინასწარვეა ჩამოყალიბებული და შეცვლას არ ექვემდებარება, მთავარია, მოირგო ეს ნიღაბი და მიჰყვე მას. უბრალოდ, ერთნი —დაბლა მდგომნი — აცნობიერებენ უღიმღამო ცხოვრების ტრაგიკულ არსს, ხოლო მეორენი, ვინაიდან ძალაუფლება მათ ხელშია — თავს იტყუებენ და ჰგონიათ, რომ თავიანთ ცხოვრებას თვითონვე ქმნიან.
ლევან წულაძის და მასიმო სკოლას შექმნილი პოპრიშჩინი ამ იერარქიული საფეხურის ის მოძრავი და მოციმციმე სინათლეა, რომელიც არ და ვერ იღებს ჩამოყალიბებულ, ჩინოვნიკურ ურთიერთობათა წეს-კანონს, ვინაიდან ის მის ფანტაზიებს ფრთებს უკვეცავს. სწორედ ამიტომ მიდის მთავარი გმირი, ფსიქოლოგიურ თავშესაფარში, სადაც ის პიროვნება ხდება. ეს „გაქცევები“ მან საკუთარ თავთან მარტო დარჩენით დაიწყო, სადაც მის ტკბილ ზმანებებს და მასში თავისუფლად ნავარდს ძე-ხორციელი ხელს ვერ შეუშლიდა. ამიტომაც ქვეშაგებზე განთავსება და სასთუმალზე თავის მინებება პოპრიშჩინის ჭეშმარიტი არსებობაა, სადაც ის თავისი ცხოვრების ავტორი ხდება. საბოლოოდ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი — რეალობიდან იზოლირებულია და სამუდამოდ ჩაიკეტება წარმოსახვა-მოჩვენებების ნავსაყუდელში. ის აღარ დაბრუნდება მაღალჩინოსანთა სუფრაზე, ის აღარ შეჭამს მათ ნასუფრალს, აღარ დაღრღნის სიცოცხლის გადასარჩენად გადმოგდებულ გახრიოკებულ და სხვის მიერ ალოკილ ძვალს, რომლის ლულაშიც ტვინის ნატამალიც აღარ არის. საინტერესოა სცენა, როცა ფსიქიატრი — მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი — უკანასკნელ შანს აძლევს პოპრიშჩინს, რათა მან აღიაროს თავისი ნამდვილი გვარი და სახელი, მაგრამ ყოფილ ჩინოვნიკს აღარ უნდა მიწაზე დაბრუნება, მას ისეთი თავშესაფარი ურჩევნია, სადაც მყუდროდ იგრძნობს თავს და სადაც ყველა ოცნებებს რეალურად ფრთებს შეასხამს. შეშლილს ხომ თავისი რეალობა აქვს და როგორც შექსპირი ამბობს, მისი ტვინი წარმოსახვა-მოჩვენებებით არის სავსე და ეს მხოლოდ გიჟებს, მიჯნურებს და პოეტებს ახასიათებთ.
სიყვარული მეორე სიცოცხლეა — ეს მეჯის ფრაზაა და სწორედ ამ მეორე სიცოცხლისათვის პოპრიშჩინმა ადამიანში არსებული ფანტაზიისა და წარმოსახვისათვის იბრძოლა, მან ოცნებისთვის და ჩინოვნიკური ფსიქიკის დამანგრეველი ძალების წინააღმდეგ იბრძოლა, მაგრამ ჩვენს სასიკეთოდ გამართული ბრძოლა, მისთვის საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვით დამთავრდა. გაზეთებისაგან შეკრული სავსე მთვარე ანათებდა მარჯანიშვილის თეატრის „ახალი სცენას“, რომელშიც გაზეთებში გახვეულ დედამიწასაც შეიცნობთ. ამ მარტივი მეტაფორით გოგოლთან დამეგობრებული რეჟისორი ლევან წულაძე და იტალიელი მსახიობის შესრულებული პოპრიშჩინი გლობალურ და დღევანდელი მსოფლიოს უდიდეს პრობლემას სვამს, ვინაიდან დღეს მთელი სამყარო გახვეულია ინფორმაციის ბურუსში, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ქაოსში, სადაც დაიკარგა ადამიანური ღირებულებები, მისი მაღალი დანიშნულება.
პოპრიშჩინის დედამიწა მთვარეა, რომელიც გაზეთებშია გახვეული და სურს მას გაჰყვეს ზევით, იქ, სადაც მისი ადგილია. „დედამიწა მთვარეზე თუ დაჯდა, დაიღუპება საბრალო მთვარე“, ამბობს ის და მთვარის, როგორც წარმოსახვისა და ფანტაზიის სიმბოლოს, გადარჩენა სურს. პოპრიშჩინის მთვარე ამოდის და ნათდება, მისი ბრძოლა მეორე სიცოცხლისათვის, ანუ სიყვარულისთვის მაინც შედგება, რადგან წარმოსახვაში ამოტივტივებული თეთრკაბიანი გოგოლის სოფი, თუ წულაძის მუნჯი კინოს ვარსკლავი, სულ იციმციმებს მის გონებასა და სულში და იციმციმებს მანამ, სანამ სიკვდილი სიცოცხლის ადგილს არ დაიკავებს.