საქართველოში სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ

© Telegraphმცხეთა
მცხეთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთობა უქმე დღედ არის გამოცხადებული. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სვეტიცხოველში საზეიმო წირვას დილიდან აღავლენს.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 14 ოქტომბერს დიდ რელიგიურ დღესასწაულს – მცხეთობა–სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ, ადიდებენ „კვართსა საუფლოჲსა და სვეტსა ღმრთივბრწყინვალესა და მირონმდინარესა“.

ამ დღეს რელიგიური დღესასწაულის ცენტრი საქართველოს უძველესი დედაქალაქი – მცხეთა და სვეტიცხოვლის ტაძარია, სადაც დილიდან მთელი ქვეყნის მორწმუნენი იკრიბებიან.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში საზეიმო წირვას დილიდან აღავლენს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ამ დღეს, ტრადიციულად, მცხეთაში სხვადასხვა კულტურულ–გასართობი ღონისძიება გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება, მოეწყობა სხვადასხვა გასართობები ბავშვებისთვის, სპორტული ღონისძიებები, გაიმართება კონცერტები, სადაც ადგილობრივი და თბილისიდან თუ საქართველოს სხვა რეგიონებიდან მოწვეული ანსამბლები გამოვლენ. დღესასწაულს საზეიმო გალა–კონცერტი დაასრულებს.

სვეტიცხოვლობას საქართველოში წელიწადში ორჯერ – 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღნიშნავენ.

სვეტიცხოველი მცხეთაში უძველესი ტაძარია, რომელიც 1010-1029 წლებში მე-4 საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. ასეთი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია მე-15-17 საუკუნეებში ჩატარდა.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. 

მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე–11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი. 


ყველა ახალი ამბავი
0