მონაკოს პრინცესა ლალა, თვალებით დაწყებული ნახატები და ფსიქოლოგია ქართულად

გიორგი ხატიაშვილი
გიორგი ხატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
...თუ ყველაფერს პოზიტიურად შეხედავ, იღბალი ყოველთვის შენს გვერდით იქნება....

 სალომე გურგენიძე

  ნიჭიერი მხატვარი გიორგი ხატიაშვილი წლებია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ზღაპრებშია. ერთ მშვენიერ დღეს მისი ნახატი მაროკოს პრინცესამ ნახა და შეიძინა. შემდეგ მისი შთამბეჭდავი ხელოვნებით ამერიკის მდიდარი კოლექციონერები დაინტერესდნენ. დღეს კი  მის შემოქმედებას მთელ მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სულ ახლახანს ის,,New York Graduate School of Modern Psychoanalysis“-ის სკოლის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაში მოხვდა. ხელოვანს ამერიკაში დავუკავშირდით.

 — გიორგი, პირველ რიგში, გილოცავთ ამ წარმატებას!

 - დიდი მადლობა, ეს მართლაც სასიხარულო სიახლეა. როგორც იცით, ჩემი ნახატები და ფსიქოანალიზი ერთმანეთთან კავშირშია და იმ სკოლაში მთხოვეს, რომ ჩემი ნახატების გამოფენა მოვაწყო. რაზეც უკვე დავიწყე მუშაობა, მინდა, ჩემი ხელოვნების მოყვარულებს  ახალი ნამუშევრები შევთავაზო. ეს  გამოფენა, სავარაუდოდ, თებერვალში გაიხსნება.

 - მართალია, რომ თქვენი ნახატი მაროკოს პრინცესა ლალამ სოლიდურ ფასად შეიძინა?

 - დიახ, ასე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. ეს ამბავი იქიდან დაიწყო, რომ ვმუშაობდი ერთ-ერთ სკოლაში, სადაც აუტისტი ბავშვები სწავლობდნენ და იქ პატარა გამოფენის გაკეთება შემომთავაზეს. ერთ-ერთი ბავშვის ბებიამ ეს ნახატები შეამჩნია და გამესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მისი წინაპარი, ანუ  ბაბუა, ქართველი იყო. ასე დავახლოვდით და ამის მერე ხშირად მივდიოდი მის ოჯახში. ერთ საღამოს მისი სტუმარი სწორედ მაროკოს პრინცესა ლალა იყო, რომელიც ძალიან დაინტერესდა ჩემი ნახატებით და შეიძინა კიდეც ერთ-ერთი მათგანი. იმ ნახატზე გამოსახულია ქალი ვარდებით…

 - საერთოდ ყველაზე ხშირად რას ხატავთ, ვიცი, რომ ხატვის უჩვეულო მანერა გაქვთ?

 - ყველაფრის ხატვას ვიწყებ თვალების გამოსახვით ვიწყებ. ბავშვობიდან ასე ვარ. რატომ?— არ ვიცი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფრის საწყისი თვალია…

 - გიორგი, თბილისში კეკელიძის ქუჩაზე ცხოვრობდით და იქ დაიწყო ყველაფერი, გაიხსენეთ ბავშვობის პერსონაჟები, რომლებიც თქვენს ნახატებშიც ჩნდებიან…

 — ყველაზე ხშირად ჩემი თბილისური ეზო მახსენდება, ძალიან კარგი ეზო გვქონდა…  მახსენდება ჩემი დიდი ბებია, რომელიც მზრდიდა. 4 წლიდან ვხატავ. უფრო ხშირად ვხატავდი გოგონებს სხვადახვანაირი თვალებით — ზოგს მოწყენილი თვალებით, ზოგს — მხიარულით… ამით ბავშვობაში, რასაც ვხედავდი — სევდა იყო ეს თუ სიხარული — ყველაფრის გადმოცემა ამ ფორმით მინდოდა…

 - თქვენი ბავშვობის დროინდელი მუზა — მარიკა — თქვენს თითქმის ყველა ნახატშია…

 — ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც პირველ კლასში შევედი. როგორც კი ეს გოგო დავინახე, მაშინვე ვიფიქრე, ნეტავ მის კლასში დამსვან-მეთქი და ასეც მოხდა. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ბავშვობის სიყვარული და საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. შემდეგ სხვადასხვა სკოლაში გადავედით და ერთმანეთი დავკარგეთ. წლების მერე — სტუდენტობის დროს — შემთხვევით შევხვდით, რამაც გრძნობების გაღვიძება გამოიწვია. ვეცადე, რომ ისევ აღმედგინა ძველი ურთიერთობა, მაგრამ არ გამოვიდა… სკოლის დამთავრების შემდეგ დიპლომატიურ აკადემიაში ვსწავლობდი, ფსიქოლოგია მაინტერესებდა და ტრავმირებულ ბავშვებს ვეხმარებოდი. დიპლომატიური აკადემია ძალიან საინტერესო იყო, ადამიანებთან ურთიერთობა ბავშვობიდან მიტაცებდა. ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე ამ აკადემიაში. ბავშვობიდან ფსიქოლოგიურ ლიტერატურას  ვკითხულობდი. ეს პროფესია მოგვიანებით ავირჩიე. ამერიკაში ცოტა ხანი უპატრონო ჩვილ ბავშვთა სახლშიც ვიმუშავე, ფსიქოლოგის ასისტენტი ვიყავი და საჭირო გამოცდილებაც მივიღე. ერთის მხრივ, საკმაოდ ტრავმირებული მოვდიოდი იქიდან, მიჭირდა იმის გაცნობიერება, თუ რატომ იყვნენ ის ბავშვები იქ  და რატომ არ იზრდებოდნენ ოჯახში მშობლებთან…

 - გიორგი, ნიუ —იორკში ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარეთ. რას იტყვით, როგორი ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ ამერიკელებს? თუ უყვებით მათ, რომ ასეთ დახმარებას საქართელოში მეგობრები უწევენ ერთმანეთს…

 - რა თქმა უნდა, ვუყვები და ძალიან აინტერესებთ, როცა იგებენ, რომ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან და ერთმანეთის სიხარული თუ გასაჭირი მართლა აინტერესებთ. ჩვენი მეგობრობაა ფსიქოლოგია ქართულად. ამერიკელები, ძირითადად სასმელსა და ნარკოტიკებზე  არიან დამოკიდებული… 

 — თვლით, რომ იღბლიანი ადამიანი ხართ?

 - ნამდვილად ვთვლი, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. თუმცა ასე მგონია, ყველა ადამიანი იღბლიანია, მაგრამ ეს უნდა გააცნობიეროს და გამოიყენოს. ყველას ცხოვრებაშია წარუმატებელი პერიოდი, მაგრამ როცა დაეცემი, ადგომას თუ ისწავლი და სიარულს ჩვეულებრივად გააგრძელებ, თანაც ყველაფერს პოზიტიურად შეხედავ, იღბალი ყოველთვის შენს გვერდით იქნება…. 


ყველა ახალი ამბავი
0