ლევან თუთბერიძის "ცხრა მთას იქით" მონრეალის კინოფესტივალში იღებს მონაწილეობას

გამოწერა
ლევან თუთბერიძის ფილმი Focus on World Cinema–ს პროგრამის მონაწილე გახდა. ამ კატეგორიაში ტრადიციულად ხვდებიან მსოფლიო კინემატოგრაფის ყველაზე საინტერესო ფილმები.

თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. მონრეალის 39–ე კინოფესტივალზე საქართველოს კინორეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმი „ ცხრა მთას იქით“ წარადგენს.

საერთაშორისო კინოფესტივალი (Festival Du Film De Montrea) 27 აგვისტოს გაიხსნა და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. ლევან თუთბერიძის ფილმი Focus on World Cinema–ს პროგრამის მონაწილე გახდა. ამ კატეგორიაში ტრადიციულად ხვდებიან მსოფლიო კინემატოგრაფის ყველაზე საინტერესო ფილმები.

ფილმი „ცხრა მთას იქით“ მონრეალის კინოთეატრში „Quartier Latin 16“ 1 და 2 სექტემბერს იქნება ნაჩვენები.

„ცხრა მთას იქით“ – ინგლისელი ფოტოგრაფის ემის ისტორიაა, რომელიც საქართველოში ჩამოდის ფოლკლორულ ექსპედიციაში და მოულოდნელად მთებში თავის სიყვარულს შეხვდება. ახალგაზრდა გოგონას გულში ძლიერ გრძნობას აღვიძებს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი სოფლის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი —კოპალა, რომელიც განასახიერებს ძველ ქართულ მითოლოგიურ ღმერთს.

სასიყვარულო განცდებთან ერთად, ემის მოუწევს შეეჩეხოს ამ თვითმყოფადი მხარის ძველებურ, მკაცრ ტრადიციებს. მითისა და რეალობის მიჯნაზე მყოფი ადამიანების ცხოვრებისეულ თვალთახედვას, ცივილიზაციისა და მითოლოგიის ბრძოლას, რომელშიც ეს უკანასკნელი იმარჯვებს.

ახალგაზრდა ინგლისელი ქალის ყველა ევროპული ღირებულება —დამოუკიდებლობა, პირადი თავისუფლება, ვნება  ეჯახება შეუძლებლის შეცვლის სურვილს — საუკუნეობრივი ტრადიციების მატარებელ ადამიანთა შეურიგებელ თვალსაზრისს თანამედროვე ცხოვრებაზე.

კინოსურათი „ცხრა მთას იქით“  აკა მორჩილაძის სცენარითაა გადაღებული, ოპერატორია გიორგი შველიძე, მუსიკა კომპოზიტორ ზაზა მიმინოშვილს ეკუთვნის. 

მთავარ როლებში მონაწილეობენ კრისტიან ბენეტი, თორნიკე ბზიავა და მიხეილ გომიაშვილი.

ლევან თუთბერიძე არის რეჟისორი ფილმებისა „გასეირნება ყარაბახში“, „უშენოდ მგონი მოვკვდები“,  „წარსულის აჩრდილები“, „ლაზარეს უკანასკნელი ლოცვა“ და ერთ-ერთი ნოველისა ფილმიდან „თბილისო მე შენ მიყვარხარ“.

ფილმ „ცხრა მთას იქით“ გადაღება რეჟისორმა თავისი ხმაურიანი ფილმის „გასეირნება ყარაბახში“ გადაღებიდან ოთხი წლის შემდეგ დაიწყო. გადაღებები მიმდინარეობდა ხადას (დუშეთი) ხეობაში 2013 წლის აგვისტოში.

ქართულ კინოგაქირავებაში ფილმი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩაეშვება.

მონრეალის საერთაშორისო კინოფესტივალი კანადაში ყველაზე ძველი კინოფესტივალია, რომელსაც კინოპროდიუსერების ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის აკრედიტაცია აქვს მიღებული.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0